29.თებერვალი .2020 16:39

რეგიონების საბავშვო ბაღებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება

views 1001
უკან

კორონავირუსთან დაკავშირებით, საპრევენციო ღონისძიების მიზნით, საქართველოს რეგიონებში, ყველა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, არდადეგები გამოცხადდება. ამ პერიოდის განმავლობაში, შენობებში, დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

პროცესს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი გაუწევენ.

მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები მჭიდრო კოორდინაციაში რჩებიან ჯანდაცვის სამსახურებთან.

საბავშვო ბაღებთან ერთად, სადეზინფექციო სამუშაოები, ინტენსიურად გაგრძელდება სხვადასხვა პროფილის დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, იმისთვის, რომ დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებშიც, საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.