19.ივნისი .2020 15:43

რეგიონების სასტუმროებში ფასები თითქმის განახევრებულია - "თიბისი კაპიტალის" ახალი კვლევა

views 650
უკან

„თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, ივნისის მეორე ნახევარში რეგიონებში გამოკითხული ბრენდირებული სასტუმროების დატვირთულობა გაიზარდა და 15 ივნისის ჯავშნების მიხედვით, 22%-ს აღწევს. ამასთან, ივნისის ჯავშნების, დაახლოებით, 86% საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნით, უცხოელების წილი 14%-ია; პროპორცია შემდეგ თვეებში იცვლება -მაგალითად, ივლისის ჯავშნების 70% ამჟამად უცხოელებზე მოდის. რაც შეეხება ფასებს, გამოკითხულ სასტუმროებში ივნისში ფასები თბილისში წლიურად - 30%-ით, ბათუმში, დაახლოებით - 40%-ით, ხოლო რეგიონებში, დაახლოებით, 50%-ით არის შემცირებული.

"თიბისი კაპიტალის" მიერ ჩატარებულ კვლევაზე  - „COVID 19 - აღდგენის დინამიკა“ და მის შედეგებზე მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

„ორი კვირა გავიდა, რაც სასტუმროები გაიხსნა. ყველაზე აქტიურად გამოცოცხლება შეინიშნება რესტორნებში. წინა კვირასთან შედარებით ზრდა გვაქვს, ასევეა, სასტუმროეშიც. არსებობს გაუმჯობესების ტრენდი და ეს იმედის მომცემია. ჩავატარეთ გამოკითხვა და რეგიონების სასტუმროებში, გარდა ბათუმისა, დატვირთულობა ძირითადად ვიქენდებზეა.

ამას ორი ახსნა აქვს: ბათუმში, ჯერჯერობით, ფრენები არ არის აღდგენილი, მატარებლით მგზავრობას მოსახლეობა ერიდება, ამიტომ ხალხი ძირითადად გავიდა ბაკურიანში, ბორჯომში, კახეთში. წამყვან სასტუმროებში 100%-იანი დატვირთულობა შეინიშნება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს თვითონ რეგიონის სასტუმროების მოლოდინები, რომლებმაც თითქმის გაანახევრეს ფასები, რომ ადგილობრივ მოთხოვნას მორგებოდნენ, რასაც ვერ ვიტყვით ბათუმზე, სადაც ფასები, დაახლოებით, 40%-მდე არის შემცირებული. შემდეგი ორ კვირა ბათუმში დატვირთულობაა, ხოლო ივლისში სასტუმროები კიდევ უფრო მეტად დაიტვირთება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ახლა არის ის, რომ მათ იფიქრონ იმ კუთხით, რომ დამსვენებლები არა მხოლოდ ვიქენდებზე, არამედ გრძელვადიანად ჩავიდნენ“, - განაცხადა მერი ჩაჩანიძემ.

ის covid-19-ის პირობებში სასტუმროებისთვის გაჩენილ შესაძლებლობებზე საუბრობს.

„ჩვენ რასაც შევხედეთ, 2019 წელს ჯამურად გაყიდული იყო, დაახლოებით, 17 მლნ ღამე ოჯახურ და დიდ სასტუმროებში, მათგან 15 მლნ იყო უცხოელებზე გაყიდული ღამეები, ხოლო 2 მლნ - საქართველოს მოქალაქეებზე. ანუ ჯამური დატვირთულობის მხოლოდ 10% იყო ადგილობრივი დატვირთულობის. ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვა ქვეყნებში ქართველების მიერ შეძენილი ღამეების წილიც ასეა, დაახლოებით, 2 მილიონი. საზღვარგარეთ გატარებული ღამეების ნაწილი გადმოვა საქართველოში, მაგრამ ჩვენი ანალიზით, არსებობს ორი შესაძლებლობა, რასაც სასტუმროებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რათა ქართული ტურიზმი აამუშაონ.

ერთი ეს არის დამსვენებლები, რომლებიც ძირითადად საკუთარ აგარაკებზე, მეგობრებთან და ნათესავებთან ისვენებენ და ა.შ. ასეთი რაოდენობა გასულ წელს იყო 24 მლნ ღამე. რა თქმა უნდა, მათი დიდი ნაწილის გადმოტანა სასტუმროებში შესაძლებელი არ იქნება, მაგრამ თუ სწორ შეთავაზებას გააკეთებენ სასტუმროები, შესაძლოა, ამ კატეგორიის მოქალაქეების 5-10% წავიდეს არა ნათესავთან, არამედ - კარგ სასტუმროში. ეს არის ერთი შესაძლებლობა, ხოლო მეორე ახალი შესაძლებლობა არის ონლაინ-მუშაობა. საკმაოდ ბევრი ორგანიზაცია, რომელიც ნაწილობრივ კვლავ დისტანციურად მუშაობს - ჩვენ მაგალითად, „თიბისი“, წლის ბოლომდე ოფისში დაბრუნებას არ ვაპირებთ და დისტანციურად ვიმუშავებთ. აქ ვხედავთ შესაძლებლობას, რომ თუკი სასტუმროები სწორ შეთავაზებას გააკეთებენ, შესაძლოა, ხალხი წავიდეს და სასტუმროდან იმუშაოს“, - განაცხადა მერი ჩაჩანიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა