მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რეგიონებში ვაქცინაციის აქტივობა გასაზრდელია“ - რა შეფერხებებია აცრის პროცესში?

607577a4a2e4c
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.21 15:08
460
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ვაქცინაციაში ჩართვის მსურველი მოქალაქეების რაოდენობა მზარდია, თუმცა რეგიონებში აქტივობა გასაზრდელია. როგორც საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თამარ გაბუნიამ განმარტა, ვაქცინაციის კუთხით აქტივობის 70% თბილისზე მოდის.

„ვაქცინაციაზე მიმართვიანობა იზრდება. ჩვენი პროგრამა ძალიან რთულად დაიწყო და გარკვეული დრო დასჭირდა, რომ ტრაგიკული ეპიზოდის შემდეგ ვაქცინაციისადმი ნდობა აღდგენილიყო. ვაქცინაციაში ჩართული პირების რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. განსაკუთრებით თბილისში, სადაც აქტივობის 70% მოდის. რეგიონებში აქტივობა გასაზრდელია, მაგრამ მოქალაქეების ყოველდღიურად მზარდი რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ ვაქცინაციის პროგრამა იმ ჯგუფებში, სადაც ტარდება, ნამდვილად მიზნობრივია და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“, - თქვა თამარ გაბუნია.

მისი თქმით, ქვეყანას საკმარისი რაოდენობის ვაქცინა აქვს, თუმცა გარკვეული შეფერხებები ამ მიმართულებით არსებობს.

„AstraZeneca-ს ვაქცინა საკმარისი რაოდენობით გვაქვს. გარკვეული შეფერხებები იქმნება იმის გამო, რომ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია ტარდება, ადგილები ლიმიტირებულია. ყოველდღიურად ემატება ახალი ჰოსპიტლები ახალი ბრიგადებით. გუშინ საღამოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე 6 ბრიგადა დაემატა და ასევე რამდენიმე საავადმყოფო კვირის ბოლომდე პროგრამაში ჩასართავად ემზადება. დღეს დილიდან გაჩნდა რეგისტრაციის შესაძლებლობა და 15 აპრილიდან ყველას შეუძლია დარეგისტრირდეს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

კითხვაზე - ხშირია თუ არა რეგიონებიდან ვაქცინის მობრუნების შემთხვევები, თამარ გაბუნიამ უპასუხა, რომ აღნიშნული მხოლოდ ახალქალაქის შემთხვევაში დაფიქსირდა.

„ახალქალაქიდან ერთი შემთხვევა იყო, როდესაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ვაქცინები დაიბრუნა, რადგან ხარჯვა იყო დაბალი; სხვაგვარი მიდგომაა საჭირო, რომ მოლოდინი და მოთხოვნა - რა ტიპის ვაქცინა იქნება რეგიონებისთვის მისაღები ეს შევისწავლოთ და ვაქცინაციის პროგრამა ამის მიხედვით გავაგრძელოთ “, - აღნიშნა მან.