მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეგიონებში ყველა კერძო სკოლა დახურვაზე საუბრობს" - სასწავლო დაწესებულებები სამინისტროს მიმართავენ

5e3d1ce92e6aa
ანი ციხისთავი
07.02.20 12:14
2095
რეგიონების კერძო სკოლები განათლების სამინისტროს საჯარო სკოლებთან პირობების გათანაბრებას სთხოვენ. შესაბამისი წერილით სამინისტროს სასწავლო დაწესებულებებმა უკვე მიმართეს და მათგან რეაგირებას ითხოვენ.
“არაერთხელ ვცადე დაკავშირება, თუმცა განათლების სამინისტრო სირაქლემას პოზიციაშია, თითქოს არც უნახავს ის წერილები და არც იცის ჩვენი პრობლემების შესახებ”,- აღნიშნავს ფოთში მდებარე “თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის” დირექტორი თამარ ფაჩულია. მისი თქმით, წერილი 20 იანვარს გაგზავნა, თუმცა, ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

საუბარია რამდენიმე პრობლემაზე. თამარ ფაჩულია კერძო სკოლებში მოსწავლეების ვაუჩერის საჯარო სკოლის ვაუჩერთან გათანაბრებას ითხოვს. მისი თქმით, მოსწავლის წლიური ვაუჩერი კერძო სკოლებში 300 ლარია მაშინ, როდესაც ეს თანხა საჯარო სკოლებში 540 ლარს შეადგენს.

“შეიძლება დედაქალაქში ეს პრობლემა არ არსებობს, მაგრამ რეგიონებში ხალხს იმის ფული არ აქვს, რომ მოზარდებს სკოლაში დიდი თანხა გადაუხადოს, საფასურის გაზრდის გარეშე კი სკოლის საჭიროებების დაკმაყოფილება ძალიან გვიჭირს”,- აცხადებს თამარ ფაჩულია.

მოსწავლეების მოზიდვის სირთულესთან ერთად, კერძო სკოლის დირექტორი მასწავლებლებზეც საუბრობს, რომელთაც რეგიონში არსებულ კერძო სკოლებში უფრო დაბალი ხელფასები აქვთ, ვიდრე - საჯაროში.
“საჯარო სკოლებში მასწავლებლები უფრო მეტ ხელფასსა და დანამატს იღებენ, ჩვენთან ხელფასიც ნაკლებია და დანამატი საერთოდ არ გვაქვს. მასწავლებლები თუ წავლენ, რა თქმა უნდა, დახურვა მოგვიწევს. შემიძლია გითხრათ, რომ რეგიონებში არსებული ყველა სკოლა ამ მდგომარეობაშია”,- აცხადებს ფაჩულია.

თამარ ფაჩულია საჯარო სკოლებთან არსებულ სხვა არათანაბარ პირობებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კერძო სკოლებში პირველ კლასელებს, საჯაროსგან განსხვავებით, ლეპტოპებს არ ურიგებენ. კერძო სკოლების მოსწავლეები ვერც სახელმძვანელოებს იღებენ სახელმწიფოსგან და არც მეცხრეკლასელი წარმატებული მოსწავლეები საჩუქრდებიან ლეპტოპებით.

“ფაქტობრივად, თუ რამე ღირებული კონკურსია ქვეყანაში, მასში ჩვენი მოსწავლეები ვერ ერთვებიან”,- აღნიშნავს თამარ ფაჩულია.

ფაჩულიას თქმით, სხვადასხვა რეგიონებიდან კერძო სკოლები გაერთიანდნენ და საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, რომლის სახელითაც 6 თებერვალს, განათლების სამინისტროს წერილი მისწერეს, სადაც ისინი განათლების სამინისტროსთან კომუნიკაციას ითხოვენ.

“ბოლომდე ვიბრძოლებთ და თუ ეს მცდელობაც არ გაამართლებს, ვაპირებთ, პრემიერთან აუდიენცია ვითხოვოთ, სადაც ჩვენს პრობლემებზე საუბრის საშუალება მოგვეცემა. ჩვენ არგუმენტირებულად ვითხოვთ და მათაც დაგვისახელონ არგუმენტები, რატომ არ გვეხმარებიან”,- აცხადებს თამარ ფაჩულია.

Bm.ge საინიციატივო ჯგუფის წევრი კიდევ ერთი სკოლის, ბოლნისში მდებარე “დავითიანის” დირექტორს, მარინა გორშკოვას, დაუკავშირდა, რომელიც ნახსენებ პრობლემებთან ერთად, კერძო სკოლის პედაგოგების საჯარო სკოლის მასწავლებლებთან პირობების გათანაბრებაზე საუბრობს.

“ჩვენი პედაგოგების ჯანმრთელობის დაზღვევას სახელმწიფო არ უზრუნველყოფს; ტრენინგები ჩვენთვის ფასიანია”,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი.

გორშკოვა პედაგოგების ხელფასის დანამატებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პროფესიული კომპეტენციის დადასტურების შემდეგ, მასწავლებელს უფროსი პედაგოგის სტატუსი ენიჭება, რის შედეგადაც საჯარო სკოლაში ხელფასზე დანამატი ენიშნება. გორშკოვას თქმით, დანამატს ვერ იღებენ კერძო სკოლების მასწავლებლები.

“ჩვენ უბრალოდ გვინდა განათლების სამინისტროსთან კომუნიკაცია, რომ მოგვისმინონ და გაიგონ, რა სავალალო მდგომარეობაშია რეგიონებში არსებული კერძო სკოლები და გაგვითანაბრონ პირობები საჯარო სკოლებთან”,- აცხადებს მარინა გორშკოვა.