პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს (პუი) არაერთი განზომილება გააჩნია, რასაც ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს. მას არამხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი პერიოდში ეკონომიკური ზრდისთვის კრიტიკული მნიშვნელობა გააჩნია. მოკლევადიან პერიოდში უცხოური ინვესტიციები ადგილობრივი მოხმარების და დასაქმების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, ხოლო გრძელვადიან პერიოდში კი ბევრად დიდი სარგებელი გააჩნია. განვითარებული ეკონომიკიდან განვითარებადი ქვეყნის მიერ უცხოური კაპიტალის მიღება ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერთან ასოცირდება, რაც წარმოების პროდუქტიულობის ზრდაში აისახება. ეს უკანასკნელი კი გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდის თვალსაჩინო დეტერმინანტია. ამდენად, განვითარებადი ეკონომიკებისთვის პუი-ს განსაკუთრებული როლი აქვს.
თავის მხრივ, ესა თუ ის ქვეყანა უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველია მაშინ, როცა სამეწარმეო საქმიანობა დარეგულირებულია, დაბალი საგადასახადო წნეხია, სამუშაო ძალა კვალიფიციურია და ბაზარი დივერსიფიკაციით გამოირჩევა. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის პოტენციური ინვესტორისთვის ინვესტიციის განხორციელების მთავარი მასტიმულირებელი. აღნიშნულთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია კერძო საკუთრების დაცულობა, სამართლიანი სასამართლო და პოლიტიკური სტაბილურობა. კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეს ფაქტორები კვლავ პრობლემურად რჩება, ვიდრე რეგულაციები ან გადასახადების დონე. შესაბამისად, საინტერესოა რეგიონის ქვეყნების - სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთის უცხოური ინვესტიციების დინამიკის განხილვა და შედარება. აღნიშნული ქვეყნები დაბალი შემოსავლის მქონე განვითარებადი ეკონომიკებია, რომელთა დამოუკიდებლობისა და ეკონომიკის საბაზო პრინციპებზე ტრანსფორმაციის პერიოდი თითქმის სამ ათწლეულს ითვლის, მაგრამ ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი აქტივები კერძო საკუთრებაში არ არის და არც დოვლათის წარმოებაშია ჩართული.
ბოლო ათწლეულის მანძილზე რეგიონში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 197 122.5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ყოველწიურად საშუალოდ 1 971.2 მლნ დოლარია და წლიურად მშპ-ს საშუალოდ 5.6%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა ათწლეულთან შედარებით 3.6 პ.პ. -ით შემცირებულია. ცალკეული ქვეყნების მიხედვით შემცირება აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს, ყაზახეთს და ტაჯიკეთს უკავშირდება. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში პუი-ს წილი მშპ-ში მხოლოდ 0.2 პ.პ. -ით, 8.5%-მდეა შემცირებული, რითაც მხოლოდ თურქმენეთს ჩამორჩება. ამ უკანასკნელში კი ბოლო ათწლეულის მანძილზე ინვესტიციების წილი მშპ-სთან მიმართებით, სხვა დანარჩენთან შედარებით, ყველზე მეტად, 4.5 პ.პ. -ით გაიზარდა. 2009-2018 წლებში თურქმენეთის პუი-ს მაჩვენებელი ეკონომიკის საშუალოდ 10.0%-ს შეადგენს. რეგიონიდან თურქმენეთი გაზის ერთ-ერთი ექსპორტიორი ქვეყანაა, რომელიც დაბალი სამთავრობო ხარჯებით (მშპ-ს 13.2% და შესაბამისად დაბალი საგადასახადო წნეხი), მეტნაკლებად დაბალანსებული ბიუჯეტით (დეფიციტი მშპ-ს 0.2%) და დაბალი სახელმწიფოს ვალით (მშპ-ს 30.7%) გამოირჩევა. შედეგად, თურქმენეთის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ყოველწელს 6.0%-იან ნიშნულს აღემატება. თუმცა, რეგიონის ყველაზე მსხვილ ნავთობექსპორტიორ აზერბაიჯანში უცხოური ინვესტიციების წილი შემცირებულია. კერძოდ, 2009-2018 წლებში პუი-ს წილი მშპ-სთან მიმართებით 6.6%-მდე შემცირდა, რაც 1999-2008 წლებში მშპ-ს 24.7%-ს შეადგენდა.
თურქმენეთში ბოლო ათწლეულის მანძილზე უცხოური ინვესტიციების სწრაფი ზრდის ტემპმა რეგიონის პუი-ს მთლიან მოცულობაში ამ უკანასკნელის წილი 4.6%-დან 17.3%-მდე გაზარდა, რითაც მესამე ადგილს იკავებს. რეგიონში პუი-ს ყველაზე მაღალი წილი კიდევ ერთ ნავთობექსპორტიორ ქვეყანას, ყაზახეთს გააჩნია, რომლის წილი შემცირების მიუხედავად 2009-2018 წლებში საშუალოდ 43.5%-ს იკავებს, რაც ყაზახეთის მშპ-ს საშუალოდ 5.8%-ს შეადგენს. რეგიონის პუი-ს განაწილებაში მეორე ადგილი აზერბაიჯანს უკავია, რომლის წილი 18.9%-ია, მაგრამ წინა ათწლეულთან შედარებით 10.9 პ.პ. -ით ნაკლებია. ამ მხრივ, რეგიონულ განაწილებაში წილის ზრდა, გარდა თურქმენეთისა, უზბეკეთში (4.0 პ.პ.), საქართველოში (2.8 პ.პ.) და ყირგიზეთშია (1.4 პ.პ.). საქართველოს წილი რეგიონის პუი-ს განაწილებაში საშუალოდ 8.1%-ია, რითაც უზბეკეთს (6.4%), სომხეთს (2.3%), ყირგიზეთს (2.2%) და ტაჯიკეთს (1.4%) უსწრებს. მათგან უზბეკეთი გაზისა და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაა და ამ ქვეყნის ეკონომიკის საშუალოდ 1.9%-ს უცხოური ინვესტიციები იკავებს.
როგორც ვნახეთ, 2009-2018 წლებში რეგიონში შემოსული უცხოური ინვესტიციები მშპ-ს საშუალოდ 5.6%-ს შეადგენს, რაც წინა ათწლეულთან შედარებით შემცირებულია, მაგრამ ცალკეულ ქვეყნებში მნიშვნელოვანი ზრდაა. ასეთი კი თურქმენეთია, სადაც უცხოური ინვესტიციების ზრდის გამორჩეულად მაღალი ტემპია და შედეგად, რეგიონის მთლიან პუი-ს მოცულობაში საშუალოდ 17.3%-ს იკავებს. აღნიშნული მაჩვენებლით კი მესამე ადგილზეა. რეგიონის ქვეყნების მთლიან პუი-ში ყველაზე მაღალი წილი ყაზახეთსა და აზერბაიჯანს გააჩნია, რომლებიც ნავთობისა და გაზის წმინდა ექსპორტიორი ეკონომიკებია. ამ კუთხით, საქართველოს წილი კი საშუალოდ 8.1%-მდეა გაზრდილი, ხოლო მშპ-სთან მიმართებით, ბოლო ათწლეულში უცხოური ინვესტიციების დინამიკა მცირედით შემცირებული. ამდენად, რეგიონის ქვეყნებიდან უცხოური ინვესტიციებისთვის მეტად მიმზიდველი ყაზახეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთია. ესენი კი ნავთობისა და გაზის წმინდა ექსპორტიორი ეკონომიკებია. დანარჩენ ხუთ ქვეყანას შორის საქართველო ამ მხრივ ლიდერია, სადაც, აგრეთვე, გაზისექსპრტიორ უზბეკეთსაც უსწრებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა