მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონის ეკონომიკა: ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა (იანვარი)

6027973ff3532
ეგნატე შამუგია
13.02.21 21:00
1624
იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.8% შეადგინა, რაც სამეზობლოს ქვეყნებიდან სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ყველაზე დაბალი ნიშნულია. ფასების დონის ზრდის ტემპის შემცირების მიზეზი კი უშუალოდ ამ უკანასკნელის დათვლის მეთოდოლოგიაა. კერძოდ, ეს გულისხმობს კომუნალური მომსახურების საბიუჯეტო სუბსიდიის გათვალისწინებას და ინდექსის გაანგარიშებას სამომხმარებლო კალათაზე მომხმარებლის მიერ ფაქტობრივად გადახდილის მიხედვით. მიუხედავად ამისა, იანვარში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი დეკემბერთან შედარებით 0.4 პ.პ. -ით მეტია. საშუალოვადიან პერიოდში კი, ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლიური ინფლაცია 4.0%-ითაა მოსალოდნელი. ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლიდან გამომდინარე, გასულ კვირას სებ-მა პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი, 8.0%-ზე დატოვა. განსხვავებით სებ-ისგან, თურქეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის ბოლო ორი გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის გამკაცრებისკენ იყო მიმართული. რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მიზეზი კი, ინფლაციის განსაკუთრებით მაღალი ნიშნულია და საშუალოვადიან პერიოდში სამომხმარებლო ფასების მიზნობრივზე უფრო სწრაფი ტემპით ზრდის მოლოდინია.
 
გრაფიკი 1: სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილება, წლიური (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები

თურქეთის ეკონომიკისთვის მაღალი ინფლაცია არამხოლოდ ბოლო პერიოდის, არამედ გასული რამდენიმე წლის ტენდენციაა. 2019 წელს წლიური ინფლაცია საშუალოდ 15.5% იყო, რაც გასულ წელს 12.3%-ს აღწევდა. წლის ბოლო ორი თვე კი - 14.0%-იან ნიშნულს აჭარბებდა. გასულ თვეს კი, ინფლაციის მაჩვენებელი 15.0%-მდე გაიზარდა. სწორედ, ფასების დონის სწრაფი ზრდა გახდა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ცენტრალური ბანკის მმართველის ცვლილების. ახალი ხელმძღვანელის პირობებში კი, ცენტრალური ბანკის რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკას ატარებს. პოლიტიკა როგორც რეფინანსირების კუთხით, ასევე, სავალუტო ბაზარზეც შეიცვალა და რეზერვების ზრდისკენაა ორიენტირებული. ამ ფონზე, გასული წლის ნოემბრიდან თურქული ლირა სტაბილურად მყარდება. თურქეთის ეკონომიკაში ინფლაციის მაღალი დონე და ვალუტის გამყარება საქართველოსთვის იმპორტის გაძვირებაზე აისახება. გასულ წელს თურქეთიდან იმპორტირებული საქონელი და მომსახურების წილი მთლიან იმპორტის 17.6%-ს შეადგენდა, რითაც ეს უკანასკნელი ნომერ პირველი საიმპორტო ქვეყნის პოზიციას იკავებს.

განსხვავებული მდგომარეობაა სომხეთში, სადაც იანვარში ფასების დონის უფრო სწრაფი ზრდი ტემპის მიუხედავად ინფლაცია კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. გასულ თვეს სომხეთის ეკონომიკაში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის წლიური მაჩვენებელი 4.5% იყო, რაც 2020 წელს საშუალოდ 1.9%-ს შეადგენდა. იანვარში აზერბაიჯანში ფასების დონის ზრდა შედარებით ნაკლები, წლიური 3.3% იყო. ამ უკანასკნელის შემთხვევაშიც მიმდინარე წლის პირველ თვეს ფასები უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა, რადგან გასულ წელს საშუალო წლიური ინფლაცია 2.9%-მდე იყო. სებ-ის მსგავსად, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მმართველთა საბჭომ ბოლო გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა. ამ დროისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.25%-ია, რაც დეკემბერში 0.25 პ.პ.-ით იყო შემცირებული. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ორივე ქვეყანა თითქმის მსგავს მონეტარულ პოლიტიკას ატარებს. სომხეთში განსხვავებული პოლიტიკაა, სადაც თებერვლის დასაწყისში ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პ.პ.-ით, 5.5%-მდე გაზარდა, რაც ფასების ზრდის შედარებით მაღალი ტემპის მოლოდინებს უკავშირდება.

რაც შეეხება რუსეთს, ჯერ კიდევ გასული წლის აპრილიდან წლიური ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება. იანვარში წლიურმა ინფლაციამ 5.2% შეადგინა, რაც 2019 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია. ამ ფონზე კი, თებერვლის მეორე კვირას რუსეთის ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭომ პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 4.25%-ზე დატოვა, რადგან ბანკის განმარტებით ერთობლივი მოთხოვნა უფრო სწრაფი ტემპით უბრუნდება ძველ ნიშნულებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები კი ერთობლივ მოთხოვნაზეა მიმართული. კერძოდ, პოლიტიკის განაკვეთის შემცირება აისახება საპროცენტო განაკვეთებზე, რაც ზრდი კუთხით გავლენას ახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე.

გრაფიკი 2: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ბოლო სამი გადაწყვეტილება (%)
წყარო: ცენტრალური ბანკები

ამდენად, სამეზობლოდან ბოლო ორი თვის მანძილზე წლიური ინფლაცია მხოლოდ საქართველოში შემცირდა, მაგრამ ეს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთჯერადი ფაქტორით - კომუნალური მომსახურების სუბსიდირებითაა განპირობებული. ამ პერიოდში, სხვა ქვეყნებში კი სამომხმარებლო ფასების დონე უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა, ვიდრე წინა პერიოდებში. მონეტარული პოლიტიკის მხრივ, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანს 2020 წლიდან შერბილების მიმართულებით მიდიოდნენ, ხოლო საქართველო, პირიქით, მაგრამ აპრილ-აგვისტოში, 1.0 პ.პ. -ით შეარბილა. მიმდინარე წლის პირველი გადაწყვეტილებებით კი, სამივე ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა. ხოლო, სომხეთმა თებერვლის დასაწყისში 0.25 პ.პ -ით გაამკაცრა. ამდენად, გარდა თურქეთისა, ბოლო პერიოდში საქართველო და დანარჩენი მეზობელი ქვეყნების ცენტრალური ბანკები ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის გატარებას განაგრძობს.

<ბლოგის ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს bm.ge-ის რედაქციის პოზიციას>