19.აპრილი .2021 10:00

რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა: "წმინდა საინვესტიციო პოზიცია"

რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა: "წმინდა საინვესტიციო პოზიცია"
views 570
უკან

საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია ასახავს კონკრეტული ქვეყნის რეზიდენტების აქტივებს და ვალდებულებებს დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. თუკი წმინდა საინვესტიციო პოზიცია უარყოფითი, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული ქვეყნის რეზიდენტებს უფრო მეტი ფინანსური ვალდებულებები გააჩნიათ არარეზიდენტების მიმართ, ვიდრე აქტივები. ასეთ შემთხვევაში წმინდა საინვესტიციო პოზიცია დებიტორულია და პირიქით, როცა აქტივები ვალდებულებებს აღემატება კრედიტორული. თავის მხრივ, საინვესტიციო პოზიციები არაფინანსურ აქტივებთან ერთად ეკონომიკის წმინდა ღირებულებას ასახავს, ხოლო საინვესტიციო პოზიციები კი - კონკრეტული ქვეყნის დანარჩენ მსოფლიოსთან არსებულ ფინანსურ ურთიერთობას. ეს უკანასკნელი საგადასახდელო ბალანსის ფინანსური ანგარიშის იდენტურია, მაგრამ ამავდროულად არსებითი განსხვავება გააჩნია. თუკი ფინანსური ანაგრიში დროის გარკვეულ პერიოდში (კვარტალი, წელიწადი) განხორციელებულ ოპერაციებს მოიცავს, საინვესტიციო პოზიციები დროის კონკრეტულ მომენტში არარეზიდენტებისადმი ვალდებულებებს და აქტივებს ნაშთს აღრიცხავს. აღნიშნული ერთგვარი კუმულატიური მაჩვენებელია ფინასური ანგარიშების, რომელიც ეკონომიკის ფინანსურ ღიაობას ზომავს. კერძოდ, ვალდებულების და აქტივების მთლიან ეკონომიკასთან ფარდობა ასახავს თუ რამდენად ღიაა ეკონომიკა ფინანსური ნაკადებისთვის. გარდა ამისა, საინვესტიციო პოზიციებში ქვეყნის კრედიტუნარიანობაა ასახული და ამა თუ იმ ქვეყნის დეფოლტის რისკების შეფასებაში გამოიყენება. ეკონომიკის კრედიტუნარიანობა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ სწორედ ეს განსაზღვრავს კონკრეტული ქვეყნის კერძო და სამთავრობო სექტორის მიერ სესხის აღების შესაძლებლობას და ამ უკანასკნელის ფასს - საპროცენტო განაკვეთს.
 
ფიგურა 1: წმინდა საერთაშორისო პოზიცია, ერთ სულ მოსახლეზე (ათასი აშშ დოლარი)
წყარო: ცენტრალური ბანკების საგარეო სექტორის სტატისტიკა; ავტორის გამოთვლები

საქართველოს სამეზობლოდან წმინდა საინვესტიციო პოზიცია კრედიტორული მხოლოდ რუსეთშია. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის რეზიდენტების უფრო მეტი აქტივები გააჩნიათ არარეზიდენტებისადმი, ვიდრე ვალდებულებები. კერძოდ, გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის წმინდა საინვესტიციო პოზიცია 504 533.2 მლნ აშშ დოლარია, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით (2020 წლის III კვარტლის ბოლო) 58 366.7 მლნ აშშ დოლარით, 10.4%-ით ნაკლებია. წმინდა საინვესტიციო პოზიციის შემცირება კი აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების ცვლილებითაა გამოწვეული. აღნიშნულ კლებაში აქტივების და ვალდებულებების ღირებულების ცვლილების წვლილი 63 655.0 მლნ აშშ დოლარია, როცა საოპერაციო ზრდა 6 212.0 მლნ აშშ დოლარი იყო. ამ პერიოდის მდგომარეობით, საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე წმინდა საინვესტიციო პოზიცია 3.5 ათასი აშშ დოლარია. ეს კი ნიშნავს, რომ საშუალოდ რუსეთის ერთი რეზიდენტის აქტივების ღირებულება 3.5 ათასი აშშ დოლარით მეტია, ვიდრე ვალდებულებები. საქართველოში კი ერთ სულ მოსახლეზე განაწილებული წმინდა საინვესტიციო პოზიციის დებიტორულია, რომელის ოდენობამ 31 დეკემბრის მდგომარეობით 6.7 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ამდენად, საშუალოდ ერთი რეზიდენტის ფინანსური ვალდებულებები მის აქტივებს 6.7 ათასი აშშ დოლარით აღემატება. მთლიანი წმინდა საინვესტიციო პოზიცია კი 24 826.6 მლნ აშშ დოლარია, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით 955.7 მლნ აშშ დოლარით უფრო დებიტორული გახდა. აღნიშნული ცვლილებაში კი 54.3% საოპერაციო ცვლილებითაა გამოწვეული, ხოლო 17.0% და 23.4% -ებით კი საკურსო და ფასის ცვლილების შედეგია. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ამავე წლის მშპ-სთან მიმართებით საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიცია 157.8%-ია, რაც რუსეთის შემთხვევაში დადებითი, 34.2%-ს შეადგენს. 2019 წელს ეს მაჩვენებელი რუსეთში 21.2% იყო, ხოლო საქართველოში კი - 136.8%.

საქართველოს მსგავსად, დებიტორული საინვესტიციო პოზიცია აქვს კიდევ ორ მეზობელს - სომხეთს და თურქეთს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობთ წმინდა საინვესტიციო პოზიცია 404 138.0 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც ამავე წლის მშპ-ს 56.2%-ია, ხოლო 2019 წელს 45.7%-ს აღწევდა. თურქეთის დებიტორული წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 4.8 ათასი აშშ დოლარია, რაც წინა საანგარიშო პერიოდში (2020 წლის III კვარტლის ბოლო) 4.4 ათასი დოლარი იყო. ეს მიუთითებს, რომ საშუალოდ ერთი მოსახლის ფინანსური ვალდებულებები აქტივებს 0.4 ათასი დოლარით აღემატება, ვიდრე ეს წინა საანგარიშო პერიოდში იყო. სომხეთში კი ეს მაჩვენებელი 2020 წლის III კვარტალთან შედარებით არ შეცვლილა. გასული წლის ბოლოს ერთ სულ მოსახლეზე სომხეთის წმინდა საინვესტიციო პოზიციამ დებიტორული 3.5 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მთლიანად ქვეყნის საინვესტიციო პოზიცია მშპ-ს 83.6%, 10 319.4 მლნ აშშ დოლარია, რაც 2019 წლის ბოლოს არსებულთან შედარებით 450.3 მლნ აშშ დოლარით უფრო დებიტორულია. აღნიშნულ პერიოდში, სომხეთის რეზიდენტების ვალდებულებებსა და აქტივებს შორის სხვაობა გაზრდილია.

ფიგურა 2: საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციები მშპ-სთან მიმართებით (%)
წყარო: ცენტრალური ბანკების საგარეო სექტორის სტატისტიკა; საერთაშირისო სავალუტო ფონდი; ავტორის გამოთვლები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საერთაშორისო ფინანსური აქტივების მშპ-სთან ფარდობა ეკონომიკის ფინანსურ ღიაობას ზომავს. კერძოდ, ფინანსური ვალდებულებების და აქტივების ფარდობა და არა წმინდა საინვესტიციო პოზიცია. ამ მხრივ, საქართველო გამორჩეული ეკონომიკა, რადგან 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აქტივების დავალდებულები მთლიანი ეკონომიკის 296.7% -ს შეადგენს, რაც წინა საანგარიშო პერიოდებთან შედარებით გაზრდილია. მაგალითად, 2019 წლის 31 წლის მდგომარეობით აღნიშნული მაჩვენებელი 259.7% იყო, რაც გასული წლის ბოლოს 37.0 პ.პ. -ით მეტია. ვინაიდან, საქართველო სამეზობლოდან ყველაზე მეტად დებიტორული ქვეყნაა, ფინანსური ღიაობის ნაწილშიც ძირითადი წვლილი ვალდებულებებს გააჩნია. ეს მიუთითებს, რომ საქართველო შედარებით უფრო მეტად ღიაა უცხოური ფინანსური ნაკადებისთვის, რაც ადგილობრივი მოხმარების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროა. გასული წლის ბოლოს ვალდებულებების ოდენობამ 35 752.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 227.2%-ია, როცა რეზიდენტების აქტივები ეკონომიკის 69.4%-ს შეადგენს. ერთ მოსახლეზე კი აქტივების ღირებულება 2.9 ათას აშშ დოლარია, ხოლო ვალდებულების კი - 9.6 ათასი აშშ დოლარი, რაც წინა სანგარიშო პერიოდებთან შედარებით გაზრდილია. ზრდის მიზეზი კი სხვა ინვესტიციები - სესხებია. კერძოდ, მთავრობის ვალი, რომელიც 2019 წელთან შედარებით 33.2%-ითაა გაზრდილი, რადგან გასულ წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 9.1%-ს აღწევდა.

საქართველოს შემდეგ, სამეზობლოს ქვეყნებიდან შედარებით ღია ეკონომიკა სომხეთია, სადაც გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აქტივები და ვალდებულებები მშპ-ს 179.8%-ია. სომხეთის დებიტორული საინვესტიციო პოზიციიდან გამომდინარე ვალდებულებები ეკონომიკის 131.7%-ია, ხოლო აქტივები კი - 48.1%. აღნიშნული კი წინა საანგარიშო პერიოდებთან შედარებით არსებითად არ შეცვლილა. 2020 წლის III კვარტლის ბოლოს სომხეთის აქტივები და ვალდებულები ეკონომიკის 179.2%-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წლის ბოლოს კი - 163.8%-ს. ერთწლიან პერიოდში საინვესტიციო პოზიციების ფარდობითი მაჩვენებლის ზრდა ვალდებულებების მხარეს უკავშირდება, განსხვავებით რუსეთისა. ამ უკანასკნელში კი, 2020 წელის 31 დეკემბრის მდგომარეობთ არსებული აქტივების და ვალდებულების ფარდობა მშპ-სთან 164.5%-ს შეადგენს, რაც გასული წლის წინა კვარტლებთან შედარებით შემცირებულია, მაგრამ 2019 წლის ბოლოს არსებულს 6.5 პ.პ. -ით აღემატება. ამ პერიოდის ზრდა კი ცალსახად აქტივების ზრდის შედეგია, რომელიც რუსეთის საინვესტიციო პოზიციებში ვალდებულებებს აღემატება და შესაბამისად, ამ უკანასკნელის წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია კრედიტორულია. გასული წლის ბოლოს აქტივებმა ეკონომიკის 99.9% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.3 პ.პ. -ით მეტია. ამავე პერიოდში ვალდებულებების ფარდობითი მაჩვენებელი 3.8 პ.პ. -ით ნაკლებია და 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მშპ-ს 64.6%-ს შეადგენს. რუსეთის აქტივების ზრდა კი პირდაპირი ინვესტიციების და რეზერვების ზრდა უკავშირდება. განსხვავებული სურათია თურქეთის შემთხვევაში, რომლის წმინდა საინვესტიციო პოზიცია დებიტორულია. ამ უკანასკნელის აქტივების და ვალდებულებების ფარდობითმა მაჩვენებელმა 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 123.1% შეადგინა, რაც წინა საანგარიშო პერიოდებთან შედარებით გაზრდილია. მათ შორის, 2019 წლის ბოლოს არსებულთან შედარებით 10.8 პ.პ. -ით მეტია. ზრდაში წვლილი კი ვალდებულებებს გააჩნია. თუკი 2019 წლის ბოლოს ვალდებულებები მშპ-ს 79.0%-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მდგომარეობით 89.6%-ია. რაც შეეხება აქტივებს, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღნიშნული მშპ-ს 33.4%-ს აღწევს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 33.3% იყო. თურქეთის საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციების აქტივების კლება ძირითადად რეზერვების 12 419.0 მლნ აშშ დოლარით შემცირებას უკავშირდება, რაც გასულ წელს თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ ეროვნული ვალუტის არასახარბიელო მდგომარეობის გამო აქტიური სავალუტო ინტერვენციის შედეგია.

ფიგურა 3: საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის კომპონენტების განაწილება (%)
წყარო: ცენტრალური ბანკების საგარეო სტატისტიკა; ავტორის გამოთვლები

აღნიშნული ქვეყნების აქტივების და ვალდებულებების კომპოზიციაც საკმაოდ განსხვავებულია. საქართველოს შემთხვევაში აქტივების მხარეს დომინანტური საერთაშორისო რეზერვებია, რომელიც მთლიანი აქტივების 35.8%-ს შეადგენს. ხოლო, ვალდებულებების ნაწილში კი 52.0% პირდაპირ ინვესტიციებს უჭირავს. ვალდებულებების 1/3 -ზე მეტი კი სხვა ინვესტიციები, რომლის ძირითადი ნაწილი სამთავრობო ვალია. შედარებით დიდი, მაგრამ საქართველოს მსგავსად მაღალი წილი უჭირავს თურქეთის ვალდებულებების განაწილებაში სხვა ინვესტიციებს. კერძოდ, 2020 წლის მდგომარეობით, სხვა ინვესტიციებს წილი 48.6%-ია, ხოლო პირდაპირი და პორტფელურის კი 33.1% და 18.3% -ები. თურქეთის აქტივების მხარე კი მეტ-ნაკლებად თანაბრად ნაწილდება, განსხვავებით სომხეთისა. ამ უკანასკნელში აქტივების 44.1% საერთაშორისო რეზერვებია, ხოლო 43.5% კი - სხვა ინვესტიციები. სომხეთის საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის ვალდებულებების მხარეს კი ძირითადი წილი სხვა ინვესტიციებს უჭირავს. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სომხეთის სხვა ინვესტიციები ვალდებულებების 60.7%-ს შეადგენს. თავად სხვა ინვესტიციების 79.5% სესხებია, რომლის 60.0% მთავრობის საგარეო ვალია. რუსეთში კი სხვა ინვესტიციების წილი გაცილებით დაბალია, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში. აღნიშნული ვალდებულებების 23.7%-ს შეადგენს, ხოლო პირდაპირი ინვესტიციები 51.1%-ს აღწევს. აქტივების განაწილება კი საქართველოს მსგავსია, სადაც ძირითადი, 38.3% საერთაშორისო რეზერვებს უჭირავს. პირდაპირი ინვესტიციების წილი კი საქართველოს აქტივების განაწილებაზე ოდნავ მეტი, 30.2%-ია.

საბოლოოდ, სამეზობლოს ქვეყნებიდან კრედიტორული წმინდა საინვესტიციო პოზიცია მხოლოდ რუსეთს გააჩნია. დანარჩენი, სომხეთი, თურქეთი და საქართველო დებიტორულია. ეს უკანასკნელი კი საინვესტიციო პოზიციის დებიტორულობით გამოირჩევა. ერთ სულ მოსახლეზე განაწილებული წმინდა საინვესტიციო პოზიცია 6.7 ათასი აშშ დოლარია, რაც თურქეთის 39.4%-ით, ხოლო სომხეთს 91.6%-ით აღემატება. ამდენად, საქართველოს რეზიდენტს საშუალოდ გაცილებით უფრო მეტი ვალდებულება გააჩნია, ვიდრე აქტივები დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. აღნიშნული კი საქართველოს გაცილებით მეტ ფინანსურ ღიაობას ასახავს, ვიდრე სამეზობლოს ეკონომიკებია. გასულ წლის 31 დეკმებრის მდგომარეობით საქართველოს ვალდებულებები ფარდობა ეკონომიკასთან 227.2%-ია, რაც რუსეთის და თურქეთის ამავე მაჩვენებელს ორჯერ უფრო მეტით აღემატება, ხოლო სომხეთს - თითქმის ორჯერ.