მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონის ვალუტები მკვეთრად გაუფასურდა - სავალუტო მიმოხილვა (25.02 – 04.03)

62259bdf64d33
ეგნატე შამუგია
07.03.22 09:45
4250
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია და რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობა ლარის გაცვლით კურსზეც მყისიერად აისახა. მესამე კვირაა ლარის გაცვლითი კურსი მასშტაბურად უფასურდება. აღნიშნულ პერიოდში გაცვლითი კურსი რუბლის შემდეგ ყველაზე მეტით გაუფასურებულია.
 
მარტის პირველ სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.350 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.138-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 6.76%-იანი გაუფასურებაა, რაც მიმდინარე წლის მერვე სავაჭრო კვირას 5.48%-ით იყო გაუფასურებული. მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკვე მესამე კვირა ლარი უფასურდება, მანამდე ექვსი სავაჭრო კვირა ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, მყარდებოდა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, ლარი 8.48%-ითაა გაუფასურებული. ამ პერიოდში, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის, გარდა ჩინური იუანისა, სხვა დანარჩენი გაუფასურებულია. პირველი იანვრიდან დღემდე ჩინური ვალუტა, დოლართან მიმართებით, 0.58%-ითაა გამყარებული.

რაც შეეხება ომში ჩართული ქვეყნების ვალუტებს, გასულ კვირას უკრაინული გრივნა ბლუმბერგის პლატფორმაზე არ ივაჭრებდა, ხოლო რუსული რუბლი მკვეთრად გაუფასურდა. რუსეთისთვის დაწესებული (დაანონსებული) სანქციები უპირველესად რუსული კომპანიების აქციების ფასებსა და რუბლის გაცვლით კურსზე აისახა. გასულ კვირას რუბლი 45.22%-ით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 63.08%-ითაა გაუფასურებული. რუსული ვალუტა წინა კვირასაც 8.09%-ით გაუფასურებული. ამ პერიოდში გრივნა თითქმის ორჯერ ნაკლებით, 4.44%-ით იყო გაუფასურებული.

გარდა რუბლი და ლარისა, გასულ კვირას სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული სხვა ვალუტებიც გაუფასურდა. მარტის პირველ სავაჭრო კვირას მაღალი გაუფასურებით სომხური დრამი გამოირჩეოდა. კერძოდ, კვირის მანძილზე დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 5.89%-ით გაუფასურდა. დრამი წინა კვირასაც გაუფასურებული იყო, მაგრამ უფრო ნაკლებით, 0.66%-ით. სომხური ვალუტის შემდეგ მაღალი, 3.18%-იანი გაუფასურებით ევრო გამოირჩევა. ევროს შემდეგ კი თურქული ლირა 3.04%-ით გაუფასურდა. კვირის მანძილზე შერჩეულთა შორის ერთადერთი ვალუტა, რომელიც გამყარდა იაპონური იენია, რომლის გამყარებამ 0.10% შეადგინა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 25.02 – 04.03 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე სავალუტო ინტერვენცია არ განუხორციელებია. გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 28.02 – 04.03-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მეორე კვირაა ლარის გაცვლითი კურსი მყისიერი გაუფასურების ფონზე, მკვეთრი მერყეობით გამოირჩევა. აღნიშნული ტენდენცია არამხოლოდ ლარს არამედ, შერჩეულ ვალუტებს შორის მკვეთრად გაუფასურებულ ვალუტებსაც ახასიათებს. კვირის მანძილზე ყველაზე მეტით, 45.22%-ით რუბლია გაუფასურებული, ხოლო ყველაზე მეტით, 6.74%-ით სწორედ რუსული ვალუტის ნომინალური გაცვლითი კურსი მერყეობდა. წინა კვირას კი, ყოველდღიური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 2.84%-ით იხრებოდა.

მარტის პირველ სავაჭრო კვირას რუბლის შემდეგ მაღალი, 197%-იანი მერყეობა ლარის ნომინალურ გაცვლით კურსს ახასიათებს. აღსანიშნავია, რომ წინა კვირისგან განსხვავებით ეს მაჩვენებელი უფრო ნაკლებია, რადგან თებერვლის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა 3.15% იყო. გასულ კვირას მაღალი მერყეობით ყველა მკვეთრად გაუფასურებული ვალუტა გამოირჩეოდა. მარტის პირველ სავაჭრო კვირას სომხური დრამის მერყეობა 1.91% იყო, ხოლო თურქული ლირის 1.13%-ს აღწევდა. ამავე პერიოდში ევროს ნომინალური გაცვლითი კურსის ყოველდღიური მაჩვენებელი საშუალოსთან მიმართებით 0.97%-ით იხრებოდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 25.02/04.03 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

წლის დასაწყისიდან ზედიზედ ექვსი სავაჭრო კვირა ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით, უმეტესწილად მყარდებოდა, რაც ბოლო სამი კვირაა შეიცვალა. განსაკუთრებით კი თებერვლის ბოლო სავაჭრო კვირიდან, როცა ლარის რუბლი და გრივნის გარდა, ყველა შერჩეულ ვალუტასთან მკვეთრად გაუფასურდა. ასეთივე ტენდენცია იყო გასულ კვირასაც, რადგან ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი რუბლი და სომხური დრამის გარდა, სხვებთან გაუფასურებულია. კვირის მანძილზე ლარის გაცვლითი კურსი საშუალოდ 3.43%-ითაა გაუფასურებული, რაც თებერვლის ბოლო სავაჭრო კვირას საშუალოდ 5.01% იყო.

აღსანიშნავია, რომ მარტის პირველ სავაჭრო კვირას ლარი თავად უკრაინულ გრივნასთან მიმართებითაც, 3.82%-ით გაუფასურდა. ამავე პერიოდში ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ოდნავ მეტით, 3.84%-ითაა გაუფასურებული აზერბაიჯანულ მანათთან. წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის აზერბაიჯანულ ვალუტასთან მიმართებით 6.26%-ითაა გაუფასურებული. ამავე პერიოდში, ლარის საშუალო შეწონილი კურსი ჩინურ იუანთან და იაპონურ იენთანაც მაღალი ნიშნულითაა გაუფასურებული. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე ლარი იუანთან მიმართებით 6.50%-ითაა გაუფასურებული, ხოლო იენთან კი - 5.75%-ით. ასეთივე მდგომარეობაა გასულ კვირასაც, რადგან ლარის გაცვლითი კურსი მარტის პირველ სავაჭრო კვირას ჩინურ ვალუტასთან 3.81%-ით გაუფასურდა, რაც იაპონურის შემთხვევაში 3.79%-ია.

როგორც აღვნიშნეთ, მარტის პირველ სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან მხოლოდ ორთან გამყარდა. გასულ კვირას, სომხური დრამის დოლართან მიმართებით 5.89%-იანი გაუფასურების ფონზე, ლართანაც 2.19%-ით გაუფასურდა. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი დრამთან მიმართებით მხოლოდ 0.22%-ითაა გამყარებული. ამ პერიოდში ლარის გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 28.96%-ით რუსულ რუბლთანაა გამყარებული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დოლართან მიმართებით თავად რუბლის გაუფასურება ორჯერ მეტი, 63.08%-ია. გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალურ გაცვლითი კურსი რუსულ ვალუტასთან მიმართებით 21.71%-ით გამყარდა, რაც თებერვლის ბოლო სავაჭრო კვირას 4.83% იყო.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. მარტის პირველ სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით, გარდა რუბლი და დრამისა, დანარჩენთან გაუფასურდა. თუმცა, ნომინალური ეფექტური კურსი გამყარებულია, რადგან ლარი რუბლთან მიმართებით 21.71%-ითაა გამყარებული. ხოლო, რუბლი ეფექტური კურსის ინდექსში 14.6%-იანი წილით გამოირჩევა, რადგან რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამდენად, გასულ კვირას ეფექტური კურსი 1.35%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 2.68%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 2.96%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 22.64%-ია.

მარტის პირველი სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 134.5-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.50%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას ასახავს, რადგან წლის მერვე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 1.33% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 23.15%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 25.06% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის მეცხრე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნების საქონელი და მომსახურებას ძვირდება. ამ შემთხვევაში ასეთი ქვეყნები რუსეთი და სომხეთია.