მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რეგულაციების წელს ამოქმედება მიზანშეწონილი არ არის“ - "რედკო" Escrow ანგარიშის ამოქმედებაზე

60420c4e69e48
ვიქტორია მღებრიშვილი
05.03.21 22:37
984
მთავრობა დეველოპერულ საქმიანობაში Escrow ანგარიშის დანერგვის ხელშეწყობას გეგმავს, - ამის შესახებ 2020 წელს მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაშია აღნიშნული, რომელიც მშენებლობას და დეველოპმენტს ეხება. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლიდან ამოქმედდება სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის არანაკლებ 20%-ის Escrow ანგარიშის გამოყენებით რეალიზაციის ვალდებულება, რაც მომხარებლისთვის სამშენებლო პროექტის დასრულების ერთგვარ გარანტიას უზრუნველყოფს. 

BM.GE-ის ინფორმაციით, რეგულირების მექანიზმის ამოქმედებაზე დეველოპერებთან კონსულტაციები დაწყებულია და პროცესში თბილისის მერია და დარგის წარმომადგენლები არიან ჩართულები.

სამშენებლო კომპანია „რედკოს“ გენერალური დირექტორი მალხაზ კუნელაური გადაცემა „ანალიტიკაში“ აცხადებს, რომ „რედკო“ კონსულტაციებში ჩართული არ არის და ამ რეგულაციის ამოქმედებას კომპანია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

„Escrow ანგარიშზე პროექტის ღირებულების 20%-ის განთავსების ინიციატივა ე.წ. ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში გაჟღერდა, სადაც ასევე სუბსიდირების პაკეტი იყო გაწერილი. ჩანაწერის გაჩენისას საუბარი იყო იმაზე, რომ 2020 წელს მის ამოქმედებას არ აპირებდნენ. დადგა 2021 წელიც და მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებში ჩართული არ ვართ და ველოდებით შემოთავაზებას, რომ ჩავერთოთ, რა დროსაც მეც მექნება შემხვედრი წინადადებები. ის, რომ მომხმარებლის გარანტია დაცული უნდა იყოს, ამაზე არავინ დაობს, ეს აუცილებელია, მაგრამ როგორ უნდა მოვახდინოთ ამის უზრუნველყოფა, რა დროს უნდა გამოვიტანოთ ასეთი ტიპის რეგულაციები და რამდენად საკმარისი, ან არასაკმარისია 20%-ის დადება?“, - აცხადებს მალხაზ კუნელაური.

„რედკოს“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ არ შეიძლება, სახელმწიფო ერთი ხელით სექტორს ეხმარებოდეს, ხოლო მეორე ხელით ამ რთულ ვითარებაში რეგულაციებს უწესებდეს.

„ამ რეგულაციების წელს ამოქმედება მიზანშეწონილი არ არის. რეგულაციები, რომლებიც გარკვეული თანხების ბლოკირებას შეიძლება ისახავდეს მიზნად, რაც არ უნდა მაღალი მიზნები ჰქონდეს მას, ასეთ კრიზისულ პირობებში მათი მიღება, ვფიქრობ, მიზანშეწონილი არ არის.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი არალოგიკურია, თან თუ დავუმატებთ იმას, რომ გასული წლის განმავლობაში "ლოქდაუნის" მდგომარეობაში მყოფ ბიზნესს მთავრობამ სუბსიდირება გაუკეთა და გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდილი გადასახადებით შედგენილი ბიუჯეტიდან დახმარებას აძლევდა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ მიმართულებით არაფერი გამოსწორებულა, ეკონომიკური კრიზისი სახეზეა და ერთი ხელით დაგვეხმარონ და მეორე ხელით ჩვენი თანხები ბლოკირებულ ანგარიშზე განვათავსოთ, ვფიქრობ, არათანმიმდევრულია“, - განმარტავს მალხაზ კუნელაური.