25.დეკემბერი .2019 12:17

„რეგულირების სააგენტოს მიდგომა კლინიკებთან უფრო პარტნიორული უნდა იყოს“- მინისტრი

views 441
უკან

„რეგულირების სააგენტოს მიდგომა კლინიკებთან უფრო პარტნიორული უნდა იყოს“ - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გააკეთა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ღონისძიება მიმდინარეობს.

მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის მნიშვნლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ის ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის საფუძველია.“

„დღეს ჩვენ გვექნება ორი პრეზენტაცია, პირველ პრეზენტაციას წარადგენს თამარ გაბუნია(მინისტრის მოადგილე), რომელიც შეეხება პირველადი ჯანდაცვის რეფორმას. ჩვენ არაერთი შიდა განხილვა გვქონია საბჭოს ფორმატში ამ პრეზენტაციასთან დაკავშირებით. ასევე მოგვეცა საშუალება და ბათუმსა და ქუთაისში გვქონდა პრეზენტაციის წარდგინება, შესაბამისად, ის ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის. დღეს გვინდა გამოვყენოთ ეს აუდიტორია, რომ გაგაცნოთ, რა გეგმები გვაქვს ამ მიმართულებით, ვინაიდან ყველანი ვთანხმდებით, რომ პირველადი ჯანდაცვა ეს არის საწყისი და საფუძველი ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის და ასევე წარმატებული ჰოსპიტალური სექტორის.

მეორე პრეზენტაციას წარადგენს რეგულირების სააგენტო, ზაალ კაპანაძე, რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია მოღვაწეობს სამედიცინო სფეროში, ის გაგვაცნობს, რა შეისწავლა მათმა სამსახურმა ბოლო 6 თვის განმავლობაში და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ.

ვთვლი, რომ მათი მიდგომა სამომავლოდ უნდა იყოს უფრო პარტნიორული კლინიკების მიმართ, ვინაიდან ჩვენ უნდა მოვახერხოთ ავწიოთ მკურნალობის ხარისხი და ინფრასტრუქტურული ხარისხი შევუსაბამოთ სერთაშორისო მოთხოვნებს. დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობით ეს უმოკლეს ვადაში იქნება შესაძლებელი“- განაცხადა მინისტრმა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა