მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეკომენდაციები ბიბლიოთეკებისთვის – მკითხველისგან დაბრუნებული ნივთები კარანტინში უნდა განთავსდეს

5f37a8173c1d6
თამთა ჯიჯავაძე
15.08.20 13:49
1626
ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ბიბლიოთეკებისთვისაც შეიმუშავა და გამოაქვეყნა.

რეკომენდაციების მიხედვით, დაწესებულების შესასვლელთან უნდა განხორციელდეს თერმოსკრინინგი, რათა გაკონტროლდეს როგორც პერსონალის, ასევე, ვიზიტორების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით.

პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს 1-მეტრიან დისტანციას. თერმოსკრინინგის დროს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში კი უნდა იქნეს უზრუნველყოფილი შესაბამისი საიზოლაციო ოთახი, რის შემდეგაც დაწესებულება უნდა დაუკავშირდეს 112-ის ხელ ხაზს.

„საიზოლაციო მიზნებისთვის გამოყენებული ოთახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
• შესაძლებელია ოპტიმალური ბუნებრივი ვენტილაცია;
• აღჭურვილია დასაჯდომი/მოსასვენებელი საშუალებებით (სკამი/სავარძელი/ტახტი);
• ხელმისაწვდომია ხელის ჰიგიენის საშუალებები: ხელსაბანი ნიჟარა და თხევადი საპონი ან ხელის სანიტაიზერი;
• ყოველი გამოყენების შემდეგ ოთახი უნდა დამუშავდეს სველი წესით.
o დაფიქსირებული ცხელების შემთხვევები უნდა აღირიცხოს შესაბამის ფორმაში;
o დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) პირების დაშვება შენობაში;
o თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
o უზრუნველყავით საპნის და სადეზინფექციო ხსნარების დისპენსერების, ხელის საშრობების, ერთჯერადი ხელსახოცების დისპენსერების და მსგავსი მოწყობილობების გამართული მუშაობის მუდმივი რეჟიმი;
o შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
o უზრუნველყავით პერსონალისა და ვიზიტორების შესვლა დაწესებულებაში მხოლოდ ნიღბებით;
o უზრუნველყავით დაწესებულებაში ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები) სარგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ხელების დაბანა და გაშრობა, ხელების დასამუშავებლად გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველობის სადეზინფექციო საშუალებები;
o წიგნების/დოკუმენტების გამცემი პირი აღჭურვეთ ხელთათმანებით;
o სათანადო ადგილებში (საპირფარეშო, ონკანის სიახლოვეს) განათავსეთ ხელის ჰიგიენის წესები;
o გამოყავით ჰიგიენის კუთხეები, ხელის ჰიგიენის საშუალებების განთავსებისთვის და მიაწოდეთ პერსონალს/ვიზიტორებს (შესაბამისი თვალსაჩინოების საშუალებით) ინფორმაცია ჰიგიენის საშუალებების სწორად გამოყენების შესახებ;
o უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება (ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მეშვეობით;
o დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;
o განახორციელეთ მონიტორინგი ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე“, – წერია რეკომენდაციებში.

რაც შეეხება უშუალოდ სამკითხველო დარბაზს, ამ სივრცეში უნდა იქნას დაცული შემდეგი წესები:

o უზრუნველყავით ვიზიტორთა განთავსება მაგიდებთან წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე, იმგვარად, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2მ). შეგიძლიათ გამოიყენოთ ადგილების მარკირება;
o აკრძალეთ ჯგუფური მუშაობის პრინციპი;
o უზრუნველყავით ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის კარის და ფანჯრის სახელურები, კიბის მოაჯირები, ლიფტის ღილაკების და სხვა) დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით არანაკლებ 3-ჯერ დღეში;
o უზრუნველყავით კომპიუტერისა და მისი აქსესუარების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით ყოველი გამოყენების შემდეგ;
o ყველა სამუშაო ავეჯი გამოყენების შემდეგ დაამუშავეთ სადეზინფექციო ხსნარითა და მშრალი ხელსახოცით;
o დარბაზის შესასვლელში უზრუნველყავით ხელის სადეზინფექციო არანაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარისა და გამოყენების წესების განთავსება (დარბაზის დროებით დატოვების შემდეგ დაბრუნებისას აუცილებელია სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება);
o გამოყავით პირი, რომელიც კონტროლს გაუწევს რეკომენდაციების დაცვას სამკითხველო დარბაზში.

სხვა რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს დოკუმენტში წერია, შემდეგია:

საბიბლიოთეკო დოკუმენტები (წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, ნოტები და ა.შ) გაცემამდე ითვლება ე.წ. "პირობითად სუფთა წიგნებად“.

დოკუმენტები, რომლების მომხმარებლებისგან/მკითხველებისგან ბრუნდება ითვლება "პირობითად ინფიცირებულ წიგნებად“.

– გამოყენებული, მომხმარებლისგან/მკითხველისგან დაბრუნებული დოკუმენტები განათავსეთ კარანტინში 3-5 დღის განმავლობაში;
– საკარანტინე დოკუმენტების განსათავსებლად გამოყავით სპეციალური მაგიდები ან თაროები.

სანიტარული კვანძების დასუფთავება:
o სანიტარულ კვანძში დაცული უნდა იყოს სისუფთავე, რისთვისაც წინასწარ უნდა განისაზღვროს საპირფარეშოების დასუფთავების წესი, პერიოდულობა, დასუფთავებისთვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;
o სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები (https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=f70ca25e-e850-4deb-9d7d-8b058b934d2d);
o უნიტაზების, ხელსაბანი ნიჟარების წმენდა და დეზინფიცირება ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 2-ჯერ;
o საწმენდი და სადეზინფექციო ინვენტარი გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს და გაშრეს;
o დალაგების დროს გამოყენებული უნდა იქნეს ინდივიდუალური დამცავი საშუალებები: ხელთათმანები, ნიღაბი, წყალგაუმტარი წინსაფარი (რომელიც ყოველი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება რეცხვასა და დეზინფიცირებას), ან ერთჯერადი წყალგაუმტარი ხალათი;
o დასუფთავების დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული შხეფებისა და აეროზოლების წარმოქმნა;
o დასუფთავების პროცედურების ჩატარების დასრულებისთანავე, ხელთათმანების გახდის შემდეგ, აუცილებელია ხელების დაბანა;
o სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით. სივრცე უნდა იყოს კარგად ვენტილირებადი.

პერსონალისა და მომხმარებელთა ვალდებულებები:
ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.

o დაიცავით ჰიგიენის წესები;
o სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
o მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);
o მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვის (არანაკლებ 2 მ) შესახებ;
o სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
o სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
o გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
o დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;
o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.