24.ნოემბერი .2022 17:20

რეკორდული ინფლაციის მიუხედავად, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

რეკორდული ინფლაციის მიუხედავად, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა
views 469
უკან

სამომხმარებლო ფასების რეკორდული ზრდისა და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ნაცვლად, რეფინანსირების განაკვეთის დამატებით 150 საბაზო პუნქტით, 9%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ექსპერტების შეფასებით, ცენტრალური ბანკის ქმედება პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაჟინებულ მოთხოვნასთან, რომელიც არატრადიციული ეკონომიკური სკოლის მიმდევარია და მიიჩნევს, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის დონის ზრდას იწვევს.

ერდოღანის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა, რასაც შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად წაახალისებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 85.5% შეადგინა, რაც ბოლო 25 წლის უმაღლესი ნიშნულია.

ოქტომბერში, გასულ თვესთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო ფასები 3.54%-ით გაიზარდა, გაძვირების ყველაზე ძლიერი ტენდენცია კი სურსათისა და ენერგოპროდუქტების კატეგორიებში ფიქსირდება. საგულისხმოა, რომ ეკონომისტთა ნაწილი თავად სტატისტიკის სამსახურის მონაცემებსაც არ ენდობა და ფიქრობს, რომ ქვეყანაში რეალური ინფლაცია დაახლოებით 160-180%-ის ფარგლებშია.

აღსანიშნავია, რომ თავად ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, შაჰაპ კავჩიოღლუმ საჯაროდ აღიარა, რომ ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ცენტრალური ბანკი წარმატებული ვერ აღმოჩნდა.

კავჩიოღლუს განცხადება წინააღმდეგობაშია ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის რიტორიკასთან, რომელიც აქტიურად ამტკიცებს, რომ ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება და ის მოსახლეობისათვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ცნობისთვის, ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში ყოფნის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ნაჯი აგბალს, რომელიც ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა. ერდოღანმა აგრეთვე თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანიც, რომელიც, ასევე, არ იზიარებდა მის მაკროეკონომიკურ შეხედულებებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა