მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავი მოგვაქვს, დაწყებით კლასებში ბავშვების სწავლით, არადა მდგომარეობა საგანგაშოა - UNICEF

6192702b7154b
ინგა მურუსიძე
15.11.21 19:00
1023
„COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენა ზოგადი განათლების სისტემაზე საქართველოში“ - პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტმა ამ საკითხის თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენა გამართა, რომელსაც შეხვედრას განათლების სპეციალისტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე მოწვეულმა ორგანიზაციებმა ონლაინ სწავლების პირობებში სკოლების წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და სამუშაო ჯგუფს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები გააცნეს.

„ბოლო კვლევებით, მათემატიკის და წიგნიერების მიმართულებით, როგორც დაწყებით, ისე მაღალ კლასებში დაღმავალი შედეგები გვაქვს“, - თქვა UNICEF-ის წარმომადგენელმა მაია ყუფარაძემ და წარადგინა იმ კვლევის შედეგები, რომლებსაც როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები ატარებენ.

„კითხვა დაისვა, თუ როგორ პროგრესირებდნენ ან რეგრესირებდნენ წარსულში მოსწავლეები თავისი საგანმანათლებლო შესაძლებლობებით. ჩვენთან ტარდება საერთაშორისო კვლევები - მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) და წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS). გვაქვს ადგილობრივი ეროვნული კვლევები, რომელიც შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ არის შესრულებული.

PISA კვლევებს ატარებს 3 წელიწადში ერთხელ, ამიტომ გვაქვს 2015-2018 წლის შედეგები; ორივე წლის მაჩვენებლებით, საქართველო განათლების დონით 72 ქვეყანას შორის იყო 69-ე ადგილზე. თუკი 2018 წლამდე შეიმჩნეოდა აღმავლობა მოსწავლეთა მაჩვენებელში როგორც მათემატიკის, ისე წიგნიერების და საბუნებისმეტყველო საგნებში, 2018 წელს ეს შედეგები იყო დაღმავალი.

რაც შეეხება მეოთხე კლასის მოსწავლეებს, 2016 წლის მაჩვენებლებს რაც შეეხება, ჩვენ ყოველთვის თავი მოგვაქვს, რომ დაწყებით კლასებში კარგად სწავლობენ ბავშვები, თუმცა კვლევებით, ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა, როგორც არითმეტიკაში, ისე - წიგნიერებაში“, - განაცხადა მაია ყუფარაძემ.

მისივე ინფორმაციით, „იუნისეფის“ მხარდაჭერით, განათლების სამინისტროსთან და ესტონელებთან ერთად მიმდინარეობს სასწავლო გეგმის შემუშავება მე-10, მე 11 და მე-12 კლასებისთვის.