მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმის გამო, რომ მესტიაში დენის ტარიფს არ იხდიან, “ენერგო-პროს” ზარალი 14 მლნ ლარია - ნარმანია

6001b13f0cc76
შოთა ტყეშელაშვილი
15.01.21 19:47
2340
მესტიის რაიონის მაცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხიდან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსისიდირებას ახდენს, თუმცა მესტიაში განსხვავებული ვითარებაა - სუბსიდირების ნაცვლად, არც მოსახლეობა და არც ბიზნესი დენის ტარიფს საერთოდ არ იხდის. ფაქტობრივად უფასო დენის არსებობას ემატება ისიც, რომ რეგიონში არაერთი ადამიანი კრიპტოვალუტების წარმოებით არის დაკავებული.

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ამის გამო, კომპანია “ენერგო-პროს” ზარალი წელიწადში 13-18 მილიონი ლარია. ამასთან, ნარმანიას თქმით, პანდემიური ვითარების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ აქ მოღვაწე ბიზნესებმა დენის ტარიფის გადახდა დაიწყონ.

“არაერთ ეთერში მითქვამს და თქვენთანაც გავიმეორებ, რომ მესტიაში არსებული პრობლემატიკა არის მოსაგვარებელი. ის მას მერე, რაც აიტანეს მაინინგის აპარატები, მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. ამასთან, ქსელი არის მოძველებული და ის ვერ უძლებს იქ იმ დატვირთვას რაც არის.

რაც შეეხება “ენერგო-პროს” ზარალს, 13-14 მილიონი ლარით ზარალობს “ენერგო პრო” ყოველწლიურად მესტიაში არსებული სიტუაციით. ამიტომ, მას შემდეგ რაც პანდემია გადაივლის და ტურისტული სექტორი გააქტიურდება, კომპანიებმა, იქნება ეს სხვადასხვა ტურისტული ობიექტები თუ სხვა ტარიფის გადახდა უნდა დაიწყონ.

რაც შეეხება უკანონო კრიპტო მაინინგს, ამისთვის უნდა გატარდეს სპეციალური ღონისძიებები და უნდა იქნას აღმოფხვრილი,”- გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა დავით ნარმანიამ.

სვანეთში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული ინციდენტებიც ხშირია. “ენერგო-პროს” მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 9 იანვარს მესტიაში მაღალი ძაბვის ცენტრალურ ქვესადგურში შეიჭრნენ პირები, რომლებმაც ქვესადგურის გათიშვა მოითხოვეს.