მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Renaissance Capital-ი საქართველოში 3%-დან 6%-მდე ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს

5ef488f9b1443
შოთა ტყეშელაშვილი
25.06.20 16:02
908
საინვესტიციო ბანკმა Renaissance Capital-მა საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენის შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა. ბანკის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკური ვარდნა 3%-6%-ის ფარგლებში იქნება. ამასთან, ორგანიზაციის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ვარდნის მაჩვენებელი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დიდი აღმოჩნდება ქვეყანაში COVID-19-ის მეორე ტალღა.

მონეტარული მიმართულებით კი Renaissance Capital-ი პროგნოზირებს, რომ წლის ბოლომდე ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას კიდევ გააგრძელებს. ვალუტის კურსთან დაკავშირებით კი ბანკი მიიჩნევს, რომ პერიოდული სავალუტო ინტერვენციები კვლავ გაგრძელდება.

“ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე შეამცირა, რაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილების ეტაპობრივი პროგრამის ნაწილია.

ეკონომიკური სტრესის ფონზე ჩვენ მოველით რეცესიას 3-6%-ის ფარგლებში. ამასთან დეფლაციური რისკები საშუალოვადიან პერიოდში სავარაუდოდ თავს იჩენს. ეროვნული ბანკი ხაზს უსვამს, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ დონეზე დარჩება, რათა ინფლაციური მოლოდინების შემცირება და 2021 წლის პირველ ნახევარში ინფლაციის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან დაბრუნება მოხდეს.

ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას, რათა გაგრძელდეს მონეტარული პოლიტიკის შერბილება და მოველით, რომ 2020 წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი დაახლოებით 6.5%-ის დონეზე იქნება. ვფიქრობთ, რომ ეტაპობრივი შერბილება 0.25-0.50 პროცენტული პუნქტებით მოხდება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი აშშ დოლარის ღირებულებას 3.00-3.05 ლარის დონეზე მდგრად კურსად მიიჩნევს და ამ კურსის მხარდაჭერის მიზნით პერიოდულად ინტერვენციებსაც ახდენს (ივნისში $50 მილიონის ინტერვენციით),”- ნათქვამია Renaissance Capital-ის მიმოხილვაში.