მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Renaissance Capital: საქართველოში ეკონომიკური ზრდის განახევრებაა მოსალოდნელი

5e786d5621e52
შოთა ტყეშელაშვილი
23.03.20 12:24
1473
საინვესტიციო ბანკმა Renaissance Capital-მა საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენის შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა. ბანკის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის ტემპის განახევრება არის მოსალოდნელი, რაც პირველ რიგში, ტურიზმის სექტორში მოსალოდნელ მრავალმილიონიან დანაკარგებს უკავშირდება.

ტურიზმის სექტორში არსებული დანაკლისიდან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდა განახევრდება

“ჩვენ მიერ მომზადებული განახლებული შეფასების მიხედვით, რომელიც ტურიზმის სექტორში არსებული ჩავარდნის ივნისამდე გაგრძელებას და 2020 წლის მესამე კვარტლიდან ამ მიმართულებით შედარებით გაუმჯობესებას ითვალისწინებს, ჯამურად საქართველოში ტურიზმის, დაახლოებით, 25%-ით შემცირება არის მოსალოდნელი. ეს კლება თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ ჩვენ მიერ წარსულში გაკეთებულ 4.8%-იან მაჩვენებელს 2.3%-მდე შეამცირებს. 2021 წელს კი, ჩვენი პროგნოზის მიხედვით, მშპ-ის ზრდა 6% იქნება.

ჩვენ მიერ მომზადებული მეორე შესაძლო სცენარის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა რეცესიაში შევა, თუ ტურიზმის სექტორში არსებული ვითარება აგვისტო/სექტემბრამდე არ დაიწყებს გაუმჯობესებას. ამ სცენარის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 0.5 პროცენტით შემცირდება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 12.5%-მდე გაზრდა, ასევე მოსალოდნელია ლარის გაცვლითი კურსის უფრო მკვეთრი გაუფასურება. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია ცენტრალური ბანკის მხრიდან უფრო დიდი მოცულობით სავალუტო ინტერვენციების განხორციელება, ასევე რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო მეტად გაზრდა, რასაც დეფლაცია და შემდგომში განაკვეთის 5%-მდე შემცირება მოყვება,” - ნათქვამია Renaissance Capital-ის შეფასებაში.

დოკუმენტში დაბალანსებულ გადაწყვეტილებად არის მოხსენიებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 9%-ზე იქნა შენარჩუნებული.

“საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 18 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 9%-ზე შეინარჩუნა. ჩვენი შეფასებით, ეს დაბალანსებული გადაწყვეტილებაა. იქიდან გამომდინარე, საქართველოს სავალუტო შემოდინებების 15% ტურიზმიდან იღებს, ხოლო საზღვრები კი უცხოეთის მოქალაქეთათვის ჩაკეტილია, საქართველოს ეროვნული ბანკი რთული დილემის წინაშე აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ სახეზეა როგორც ინფლაციის ზრდაზე (კერძოდ, ლარის გაცვლითი კურსის 10%-იანი გაუფასურება), ასევე მის შემცირებაზე მოქმედი ფაქტორები. ჩვენი შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 3.4-3.5-ის ფარგლებში გაუფასურდა, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 1-1.5 პროცენტული პუნქტით გაამკაცრებს,”- ნათქვამია ბანკის მიმოხილვაში.

ქვეყანაში შექმნილი სავალუტო შოკიდან გამომდინარე, Renaissance Capital-ი არც იმას გამორიცხავს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტის ლიკვიდობის გასაზრდელად 5 პროცენტული პუნქტით შეამციროს უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო განაკვეთი და ის 20%-იან ნიშნულთან დააბრუნოს. ეს გადაწყვეტილება თავისმხრივ, ბანკებს საშუალებას მისცემს საკუთარი დაკრედიტება $200 მილიონით გაზარდონ.

ამასთან, საინვესტიციო ბანკი სებ-ის მიერ ყოველთვიურად, დაახლოებით, $80 მილიონის მოცულობის სავალუტო ინტერვენციების განხორციელებას მოელის.