მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რეპუტაციაზე ზრუნვა დაიწყეს“ - რუსთავში 17 კომპანიიდან გარემოსდაცვითი ვალდებულება ჯერ ოთხმა შეასრულა

63412ecf1786b
გვანცა სანაია
08.10.22 17:07
931
რუსთავისა და რუსთაველებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლიდან ერთი წელი და ოთხი თვე გავიდა. 2021 წლის ზაფხულში, ცვლილებები სამ კანონს შეეხო - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს; ატმოსფერული ჰაერის დაცვისა და გარემოს დაცვის შესახებ კანონებს.

ერთ-ერთი ცვლილება ქარხნებისა და საწარმოების მხრიდან გარემოს დაბინძურების შემთხვევაში, გაზრდილ ჯარიმებს ეხება - თუ საწარმო ემისიების რაოდენობის დადგენილ ნორმას გადააჭარბებს, 5-დან 40 000 ლარამდე თანხით ჯარიმდება; განმეორების შემთხვევაში კი, სანქცია კიდევ უფრო იზრდება. ეს ზოგ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ საწარმოს დარღვევებით მუშაობა არ უღირს და ურჩევნია, ამ თანხით საწარმოო პროცესი გააუმჯობესოს.

მეორე ცვლილება საწარმოების მილებში უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების დამონტაჟებას ეხება - მოწყობილობამ ავტომატურ რეჟიმში უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტს მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების შესახებ და შესაბამისად, საწარმოებიც კანონდარღვევის დროს, ავტომატურად უნდა დაჯარიმდნენ. 

მესამე ცვლილება კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დიდი დარღვევის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე საწარმოს დანადგარის ან ობიექტის დალუქვის შესაძლებლობას აძლევს

საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, რუსთავში, ერთი წლის განმავლობაში, კანონის აღსრულების მოთხოვნით, არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. რუსთაველები საწარმოებში უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების დროულ მოწყობას ითხოვდნენ. გაიმართა არაერთი შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთანაც, ჩატარდა მონიტორინგი ყველა საწარმოში ხელისუფლების წარმომადგენლების და შესაბამისი უწყებების ჩართულობით, თუმცა დღეს, ქალაქში გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით, მხოლოდ ოთხი რეგულირების ობიექტი ექვემდებარება: შპს „ემენ ქემიკალ ჯორია“; სს „რუსთავის აზოტი“ და ასევე ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულები არიან: შპს „ჯეოსთილი“ და შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში BM.GE-ს უთხრეს, რომ კომპანიების დარჩენილ ნაწილს მოწყობილობები შესყიდული აქვს, გზაშია ან ადგილზე დამონტაჟების პროცესშია. ჯამში, უწყვეტი მონიტორინგის სისტემა რუსთავში 17-მა ობიექტმა უნდა დაამონტაჟოს. დეპარტამენტის უფროსის, ნელი კორკოტაძის ინფორმაციით, წლის ბოლოს ან მაქსიმუმ შემდეგი წლიდან, მონიტორინგის სისტემა ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს.

„საწარმოებმა დაიწყეს რეპუტაციაზე ზრუნვა და ეს გახდა მათთვის მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ტენდენცია უფრო მასობრივ ხასიათს მიიღებს. ცხადია, ორიენტირებული ვართ პრევენციაზე და სწორედ პრევენცია იქნება, რომ კომპანია თავისი რეპუტაციიდან გამომდინარე გარემოსდაცვითი ვალდებულების შესრულებას დაიწყებს, რომლის გამოც დღემდე ჯარიმდება“, - ამბობს კორკოტაძე.

BM.GE იმ კომპანიებსაც დაუკავშირდა, რომლებმაც მონიტორინგის სისტემები უკვე დაამონტაჟეს. ბიზნესი ამბობს, რომ სისტემის დამონტაჟება დიდ თანხასთან არის დაკავშირებული და კანონის აღსრულების ნაწილში, გარკვეული გავლენა პანდემიამაც იქონია.

„გაფრქვევების თვითმონიტორინგის სისტემის დამონტაჟება კოლოსალურ თანხებთან (დაახლოებით 350 000 ევრო) იყო დაკავშირებული, მაგრამ როგორც კანონმორჩილი საწარმო, წავედით ამ დანახარჯებზე. ვცდილობთ, შევასრულოთ ყველა მითითება, რომელიც ეხება გარემოს დაცვას. საწარმოში არსებობს სანიტარული ლაბორატორია, რომელიც ყოველდღიურად აწარმოებს მავნე ნივთიერებების აღრიცხვას და კონტროლს, მაგრამ თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვამ მოგვცა იმის საშუალება, რომ მუდმივ რეჟიმში აღვრიცხოთ და ვაკონტროლოთ მავნე გამონაბოლქვები და უფრო სწრაფად მოვახდინოთ დარღვევებზე რეაგირება“, - განაცხადა BM.GE-სთან სს „რუსთავის აზოტის“ დირექტორმა ლევან ბურდილაძემ.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად გამოწვევებისა, საწარმოში სიახლეებია სასუქების უვნებლობის კუთხითაც. ლევან ბურდილაძე განმარტავს, რომ ევროკავშირს ამ მიმართულებით დიდი მოთხოვნები აქვს და ახალი რეგლამენტი ევროკავშირში შეტანილ სასუქებში მძიმე ლითონების, მათ შორის კადიუმის შეზღუდვას ითვალისწინებს.

„ვინაიდან ჩვენ მიერ წარმოებული ამონიუმის გვარჯილა იყიდება ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, ამ პროდუქციას ჩაუტარდა ტესტირება (ნოტიფიკაცია) ევროკავშირის ერთ-ერთ დამოუკიდებელ ლაბორატორიაში, რის შედეგად აღნიშნულმა სასუქმა მიიღო უფლება, რომ მიენიჭოს CE2019/1009 მარკირება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ამონიუმის გვარჯილა ევროსასუქია, ე.ი. უვნებლობის კუთხით აკმაყოფილებს ევროკავშირის ყველა მოთხოვნას და მისი შეტანა თავისუფლად შეიძლება ევროკავშირის ყველა ქვეყანაში“, - ამბობს სს „რუსთავის აზოტის“ დირექტორი ლევან ბურდილაძე.

გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე მორგება 1 მლნ ლარი დაუჯდა „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“, რადგან როგორც კომპანიაში ამბობენ, გაფრქვევების თვითმონიტორინგის სისტემები სამ ქარხანაში დაამონტაჟეს.

„ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას კასპის ცემენტის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, კასპის ქარხანაში გაფრქვევების თვითმონიტორინგის პირველადი სისტემა 2019 წელს დამონტაჟდა, თუმცა მონაცემების გადაცემა უწყვეტ რეჟიმში, ცხადია, არ ხდებოდა. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, კომპანიამ უზრუნველყო ყველა შესაბამის გაფრქვევის წერტილში თვითმონიტორინგის სისტემების მონტაჟი და მონაცემების გადაცემა უწყვეტ რეჟიმში. პროექტის განხორციელება სამივე ქარხანაში (კასპი, რუსთავი, ფოთი) ერთი მილიონი ლარი დაჯდა. თვითმონიტორინგის სისტემის დამონტაჟების საკანონმდებლო ვალდებულება მართლაც დაემთხვა რთულ პერიოდს. გარდა იმისა, რომ ვალდებულება, ფაქტობრივად, გარდამავალი პერიოდის გარეშე შევიდა ძალაში, რამაც იძულებული გაგვხადა დაჩქარებულ რეჟიმში მოგვეძიებინა მომწოდებელი, პანდემიის გამო მოწოდების დრო ჩვეულებრივზე მეტად გაგრძელდა. შესაბამისად, დროულად ვერ მოხდა საკანონმდებლო მოთხოვნის შესრულება, რის გამოც დავჯარიმდით 30,000 ლარით. დღეისათვის კომპანია სრულ შესაბამისობაშია უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან“, - განუცხადეს BM.GE-ს კომპანია „ჰაიდელბეტგ ცემენტ ჯორჯიაში“.

რამდენად საკმარისია ის ტემპი, რომლითაც რუსთავში კომპანიები ვალდებულებას ასრულებენ? - სამოქალაქო ორგანიზაციაში „გავიგუდეთ“, რომელიც ქალაქში გარემოსდაცვითი მიმართულებით მუშაობს, ამბობენ, რომ პრობლემაა აღსრულების ნაწილი და საწარმოები მონიტორინგის სისტემების დამონტაჟების გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკს არ მიჰყვებიან. ორგანიზაცია აქვეყნებს ასევე ინფორმაციას საწარმოებში არსებული მდგომარეობის შესახებ და ახალ გეგმა-გრაფიკს, რომელი საწარმო რა პერიოდში გეგმავს უწყვეტი მონიტორინგის სისტემის დამონტაჟებას. 

„გეგმა-გრაფიკი გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დოკუმენტით განსაზღვრული თარიღები კვლავ ირღვევა და სამინისტრო არ არის ეფექტიანი კანონმდებლობის აღსრულების ნაწილში. საწარმოებს, რომელთაც გეგმა-გრაფიკის წინა ვერსიით (17 აგვისტოს მონაცემები) სექტემბრის შუა რიცხვებამდე ჰქონდათ თვითმონიტორინგის სისტემის დამონტაჟება/სატესტო რეჟიმში ჩართვა გათვალისწინებული, ჯერ კიდევ არ მიუმართავთ დეპარტამენტისთვის სისტემაში დარეგისტრირების მიზნით. ზოგიერთი საწარმო წელს საერთოდ ვერ ასწრებს მონტაჟს.. რა ტემპითაც წინ მიდის პროცესი, არის არასაკმარისი. თან იმ ფონზე, რომ საკანონმდებლო ცვლილებებიდან გავიდა 1 წელი და 4 თვე, ხოლო ფილტრები ყოველთვის სავალდებულო იყო“, - ამბობს BM.GE-სთან ორგანიზაციის „გავიგუდეთ“ წარმომადგენელი თინათინ მაღედანი.

ინფორმაციისთვის, ატმოსფერული გაერის მონიტორინგის მიზნით, საქმიანობის სუბიექტები (ქარხნები და საწარმოები) ვალდებულები არიან, განახორციელონ დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებების გაფრქვევების აღრიცხვა, რაც მოიცავს გაფრქვევათა თვითმონიტორინგს. ეს ნიშნავს იმას, რომ მილში უნდა ჩააყენონ თვითმზომი, რომელიც გაზომავს კონკრეტულ დამაბინძურებლებს და გადაჭარბების შემთხვევაში, ინფორმაცია ავტომატურად მიეწოდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, რამდენჯერაც გადააჭარბებს გაფრქვევები ზღვრულად დასაშვებ ნორმებს, იმდენჯერ დააჯარიმოს კონკრეტული საწარმო. გარემოს დაცვის შესახებ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, გარემოსდაცვის დეპარტამენტი უფლებამოსილია, რომ მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, საქმიანობის განხორციელების ადგილზე მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი ქმედების მთლიანი ან ნაწილობრივი შეზღუდვის თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი.