მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა - ჯანდაცვის სამინისტრო

627a641d80245
BM.GE
10.05.22 17:24
1215
აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც ორი წლის განმავლობაში კოვიდკლინიკად ფუნქციონირებდა, დღეიდან, 10 მაისიდან, მოქალაქეებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რესპუბლიკური საავადმყოფო პანდემიის დაწყებისთანავე კოვიდკლინიკად გადაკეთდა. ამ ხნის განმავლობაში, რესპუბლიკური საავადმყოფო ქვეყნის მასშტაბით 340 საწოლით უმსხვილესი კოვიდმიმღები ცენტრი იყო; ამ პერიოდში, საავადმყოფომ სამედიცინო მომსახურება 10 000-ზე მეტ ინფიცირებულს გაუწია.

„10 მაისიდან, რესპუბლიკური საავადმყოფო მიიღებს როგორც კოვიდპაციენტებს, ისე უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო, სტაციონარული თუ ამბულატორიული სერვისების მიწოდებას, მათ შორისაა გადაუდებელი მდგომარეობების მართვა, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, რეანიმაცია, ინსტრუმენტულ - ლაბორატორიული კვლევები, ამბულატორიული მომსახურება.

პოსტპანდემიურ რეალობას რესპუბლიკური საავადმყოფო რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურით, განახლებული, მაღალი კლასის სამედიცინო ტექნიკით ხვდება. კოვიდკლინიკიდან ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასაწყობად, ჩატარდა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური და ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

უახლოეს მომავალში, კლინიკის გაძლიერების მიზნით, საწოლფონდის 600 ერთეულამდე გაზრდა და სხვა სამედიცინო მიმართულებების დამატებაც იგეგმება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა და კლინიკის მმართველი რგოლი „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ პაციენტებზე ორიენტირებული გარემოს სრულყოფისათვის აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტში ცვლილებაზე განცხადება 3 მაისს გაავრცელა. მათი ცნობით, 2022 წლის 3 მაისიდან, აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორად ლიანა ჭუმბურიძე დაინიშნა, ძველი დირექტორი ლევან გოფოძე კი კლინიკაში აგრძელებს საქმიანობას. უწყება მენეჯმენტში ცვლილებებს რეორგანიზაციით ხსნიდა და აცხადებდა, რომ ეს ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფისა და სტრუქტურულ-ფუნქციური ოპტიმიზაციის მიზნით განხორციელდა.