მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტირებული ნაწილის გახსნა 20 იანვრამდე გადაიდო

5ffd5bcd6b149
ინგა მურუსიძე
12.01.21 13:11
1742
"მიმდინარე კვირაში რესპუბლიკური საავადმყოფო გაიხსნება, სადაც ინტენსიური პაციენტებისთვის 400 საწოლი იქნება განთავსებული", - ეს ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გასული წლის 22 დეკემბერს, პარლამენტში გააჟღერა. მინისტრმა მაშინვე დააანონსა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს კორპუსის რეაბილიტაცია-აღჭურვის პროცესი გაგრძელდება და უახლოეს მომავალში საავადმყოფო კოვიდ-პაციენტებს 800 სრულად აღჭურვილი საწოლით მოემსახურება. სავარაუდოდ, აღნიშნულისთვის გამოიყო დეკემბრის დასაწყისში 4 მლნ ლარი, რომელიც მთავრობის დადგენილების მიხედვით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საწოლფონდის მობილიზებას მოხმარებოდა.

Bm.ge დაინტერესდა, გაიხსნა თუ არა 400 საწოლზე გათვლილი ინტენსიური თერაპიის განყოფილება. რეპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე გვიყვება, რომ რეაბილიტირებული 100-საწოლიანი განყოფილება უკვე მზად არის, მისი აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს და 20 იანვარს გაიხსნება.

რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, რატომ არ გაიხსნა ის დეკემბრის ბოლოს, როგორც ეს ჯანდაცვის მინისტრმა დააანონსა, გოფოძე ირწმუნება, რომ განყოფილება უკვე მზად არის, თუმცა, საბედნიეროდ, მოთხოვნა შემცირებულია და ამ ეტაპზე კლინიკის გახსნის დაჩქარების საჭიროება არ დგას.

„100-საწოლიანი განყოფილება 20 იანვარს გაიხსნება და მერე უკვე რიცხვები ზემოთ და ზემოთ წავა ანუ იმდენ საწოლზე იქნება გათვლილი, რამდენის საჭიროებაც იქნება. სამუშაოები მიდის ინტენსიურად. ამ წუთას დატვირთვა არ არის, პაციენტების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, სულ 82 პაციენტი გვყავს. ვგეგმავთ, რომ კოვიდ-პაციენტები სრულად ახლადრეაბილიტირებულ შენობაში გადავანაწილოთ და რესპუბლიკური საავადმყოფო კვლავ მრავალპროფილურად გარდაიქმნას, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ გეგმებია და ვნახოთ რა იქნება“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალ შენობაში რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული მედპერსონალი გადანაწილდება და საჭიროების შემთხვევაში, ახლებიც დაემატება.