მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკურის თანამშრომლების დასაქმება სხვადასხვა კლინიკაში, მათ შორის რეგიონებში იგეგმება

643416a131afd
ვიქტორია მღებრიშვილი
10.04.23 18:07
609
ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების დასაქმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ კლინიკებში გეგმავს. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ ექიმები და ექთნები საქმიანობის უწყვეტობის მიზნით სახელმწიფო და კერძო კლინიკებში გადანაწილდებიან და დასძინა, რომ პერსონალის მხრივ დიდი გამოწვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში აქვთ.

„დიდი იმედი მაქვს, რომ იმისთვის, რათა დასაქმებულმა პერსონალმა მუშაობის უწყვეტობა შეინარჩუნოს, გვექნება შესაძლებლობა მათი დიდი ნაწილი სახელმწიფო და კერძო კლინიკებში როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გადანაწილდეს.

ასევე ძალიან დიდი გამოწვევა გვაქვს რუხის კლინიკასთან დაკავშირებით, რომელიც მულტიპროფილური უნდა იყოს და აქედან გამომდინარე იქაც გარკვეული ნაწილი დასაქმდება. ბოლო ორი კვირაა იქ ჩვენი თანამშრომლები არიან სხვადასხვა მიმართულებების გასახსნელად, ახლა ხდება მოკვლევა და შემდეგ მოხდება თანამშრომლებით დაკომპლექტება“, - თქვა აზარაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფო 900-მდე ადამიანს ასაქმებს. კლინიკის ყოველთვიური სახელფასო ბიუჯეტი კი 1.5-1.7 მლნ ლარია. ზურაბ აზარაშვილის თქმით, კლინიკის ყოველთვიური სახელფასო ხარჯი 1.5 მლნ ლარის მოცულობით, უწყების ბიუჯეტიდან იფარება, რადგან საავადმყოფოს ყველა საჭირო ხარჯის დაფარვისთვის შესაბამისი შემოსავლები არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია სამინისტრომ დღეს გამართა. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მიმართა. ღონისძიებაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, კლინიკასთან დაკავშირებით, არსებულ გეგმებზე მიეღოთ ინფორმაცია. შეხვედრის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ რესპუბლიკურთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც წლის ბოლომდე მოხდება, საავადმყოფო და მედპერსონალი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.