29.აგვისტო .2020 09:50

რესტორანი "ზაზანოვა" ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს

views 102
უკან

რესტორანი „ზაზანოვა“, რომელიც პანდემიის გამო მარტიდან ივნისამდე დაკეტილი იყო, ბოლო ორი თვეა, რაც ამუშავდა. როგორც bm.ge-ის რესტორნის დირექტორმა მარინა სალუქვაძემ უთხრა, უკვე ორი თვეა სტუმრებს მხოლოდ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ეზოში მდებარე ფილიალში იღებენ, რადგან კორონავირუსის გამო შექმნილმა კრიზისმა აიძულათ, რუსთაველის გამზირზე არსებული ფილიალი დაეხურათ.

„მარტის შემდეგ ყველანაირი დანაზოგი თანამშრომელთა ანაზღაურებისაკენ მივმართეთ. გამომდინარე იქიდან, რომ მარტიდან ივნისამდე დახურული ვიყავით, ბიზნესს საკმაოდ დიდი დავალიანება დაუგროვდა და ორივე ფილიალის ამუშავების რესურსი არ არსებობდა. არჩევანი თუმანიშვილის თეტრის ეზოში არსებული ფილიალის სასარგებლოდ გავაკეთეთ”, - ამბობს მარინა სალუქვაძე.

„ზაზანოვას“ დირექტორი ამბობს, რომ სარესტორნო ბიზნესი დიდი გამოწვევების წინაშეა, რადგან ივლისი-აგვისტო - ტურისტულად ყველაზე აქტიური პერიოდი ტურისტების გარეშეა. „განსაკუთრებით ცუდ დღეში ვართ თბილისის რესტორნები. შიში და იმის მოლოდინი, რომ ისევ დავიხურებით, რომ კომენდანტის საათი ისევ დაწესდება, ესაა სტრესი და მთავარი გამოწვევა დღეს ბიზნესისთვის“, - აღნიშნა მან.

მიუხედავად გამოწვევებისა და covid-ით გამოწვეული ბიზნეს-რისკებისა, „ზაზანოვა“ გაფართოებას გეგმავს, რაშიც თიბისის ფინანსური მხარდაჭერა აქვს.

მარინა სალუქვაძე ამბობს, რომ მეორე ფილიალი წლის ბოლომდე გაიხსნება. „ახალ ლოკაციას სექტემბრის ბოლომდე შევარჩევთ. ვფიქრობ, თავად კომერციული ფართების გამქირავებლები, ცოტა დათმობაზე უნდა წამოვიდნენ, ვინაიდან ის თანხა, რომელსაც ადრე იხდიდა ბიზნესმენი, გამორიცხულია, რომ ამ პერიოდში გადაიხადოს“, - აღნიშნა „ზაზანოვას“ დამფუძნებელმა.