მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორატორთა ასოციაცია: საბჭომ არაფრისმაქნისი რეგულაცია - „მწვანე პასპორტები“ გააუქმა

61f95b9ea0b1c
ინგა მურუსიძე
01.02.22 20:16
905
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რიგ ობიექტებში, სადაც ეს აქამდე აუცილებელი იყო, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა სავალდებულო აღარ არის. გადაწყვეტილებას „რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე“ შოთა ბურჯანაძე მიესალმება, რომელიც ამბობს, რომ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია მისაღები იყო, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის სხვა ბიზნესებზეც გავრცელდებოდა.

„პირველივე დღიდან, როცა მწვანე პასპორტების იდეა გაჩნდა, მე პირადად მისი მომხრე ვიყავი. ვფიქრობდი, რომ უნდა შექმნილი მწვანე სივრცეები. თუმცა სამწუხაროდ, გადაწყვეტილება იმ ფორმით, რა ფორმითაც იქნა მიღებული, მოთხოვნებს არ პასუხობდა, ისევე როგორც მისი გაუქმება, არაფერზე იმოქმედებს. მაშინ, როცა რესტორანში მოსულ ადამიანს სთხოვდი პასპორტს და დამხვედრს ამის ვალდებულება არ ჰქონდა, ნამდვილად არ იყო სწორი.

გარდა ამისა, „მწვანე პასპორტი“ ძირითადად გათვლილი იყო მხოლოდ რესტორნებზე, როგორ შეიძლებოდა მას თავისი როლი შეესრულებინა? ფაქტი ის არის, რომ შედეგი, რაც „მწვანე პასპორტით“ უნდა მიგვეღო, არ მიგვიღია. რეგულაციას უნდა ჰქონდეს ქმედითი შედეგი და არ უნდა ჰქონდეს უკუეფექტი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზარალდებოდა ბიზნესი და შედეგები ვერ მოიტანა“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭომ თვალი გაუსწორა არსებულ ვითარებას და არაფრისმაქნისი რეგულაცია, რაც „მწვანე პასპორტების“ სახით არსებობდა, გააუქმა.

რაც შეეხება კითხვას, შეცვლის თუ არა ეს გადაწყვეტილება ეპიდვითარებას რესტორნებში, ბურჯანაძე პასუხობს, რომ არა, რადგან სივრცეში, სადაც 100 ადამიანი იკრიბება და ნაწილს, მათ შორის თანამშრომლებს არ აქვთ „მწვანე პასპორტი“, ეს რეგულაცია ვირუსის გავრცელების შემაკავებელი ვერ იქნება.

რესტორატორთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ უნდა შეიცვალოს და შემსუბუქდეს სხვა რეგულაციებიც, რომელიც მხოლოდ რესტორნებისთვის არის დაწესებული. მაგალითად, რაც ეხება ქორწილების, დაბადების დღეების, წვეულებების გადახდას.

„დღეს 100 ადამიანის შეკრება ქორწილში შეზღუდულია, თუმცა შეგვიძლია ვნახოთ კონცერტი, სადაც ასობით ადამიანი იკრიბება. რა ლოგიკაა ამაში არ მესმის“, - ამბობს ბურჯანაძე.