მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორატორთა ასოციაცია: “ყველა მოტრიალებაზე ხელებში გვირტყამენ, ეს არ გააკეთოო”

5faa58f06adf4
ლიკა გურაბანიძე
10.11.20 13:14
997
“ახლა ყოველი თეთრისთვის ბრძოლა მიდის”, - ამის შესახებ “რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა კოტე გაბრიჩიძემ “საქმიან დილაში” განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სარესტორნო ბიზნესს ყველაზე მეტი შეზღუდვა დაუწესდა. გაბრიჩიძე დახმარების ნაწილში სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების საკითხს განიხილავს.

“ერთი მხრივ, ბანკები ცდილობენ, ის კრედიტები მიიღონ, რომელიც ჩვენ ბიზნესზეა გაცემული და ისინიც გადარჩნენ, ხოლო ჩვენ უკვე მერამდენე შეზღუდვა შეგვეხო, თავად ხედავთ. ყველა მოტრილებაზე ხელებში გვირტყამენ, ეს არ გააკეთოო… ბოლო პენალტი მაშინ დაგვირტყეს, როდესაც 22:00 საათის შემდეგ მუშაობა აიკრძალა. ამ შეზღუდვებიდან გამომდინარე, სარესტორნო ბიზნესი ყველაზე დაზიანებულია. გვესმის, რომ შეზღუდვები უნდა არსებობდეს, თუმცა სჯობდა, ეს სხვა მეთოდით ყოფილიყო, მაგრამ ამაზე ვიდავებთ. შეზღუდვები ბიზნესის დროებით გაჩერებას იწვევს და გაჩერება ნიშნავს, რომ ვიღაცამ თავის თავზე სუბსიდირება უნდა აიღოს. ახლა საუბრები მიდის იმაზე, რომ სარესტორნო ბიზნესი გარკვეულწილად სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების ჩარჩოში მოექცეს, რომლის მიხედვითაც, საბანკო ვალდებულების ტვირთი გარკვეულ პერიოდში ბიზნესს შეუმსუბუქდება. ჩვენ 6 თვის შემდეგ გადასახადების გადახდა ისევ გვიწევს. თუ გინდა, რომ სარესტორნო ბიზნესი შეინარჩუნო, ნებისმიერი საგადასახადო წნეხი უნდა შეამცირო. მოვა პერიოდი, როცა ტურისტი ჩამოვა და მას აბსოლუტური ტრამალი დახვდება", - განმარტა გაბრიჩიძემ.

გადაცემაში მან ასევე უპასუხა კითხვას - ვისარგებლებთ თუ არა რესტორნების მიტანის სერვისით ღამის საათებში?

“პროდუქცია უნდა დამზადდეს და მომხმარებლამდე მივიდეს, მაგრამ ეს პროდუქცია ვინ უნდა დაამზადოს, ამაზე კონსულტაციები ეკონომიკის სამინისტროსთან და საკოორდინაციო საბჭოსთან ახლა მიმდინარეობს. თუ პროდუქცია არ დამზადდა, კურიერმა რა უნდა წაიღოს?! ის მექანიზმი უნდა მოეწყოს, რომლის საშუალებითაც რესტორანი და კაფე მუშაობას შეძლებს. აქ საუბარია საშვზე, რომელიც გაიცემა, როგორც ტრანსპორტზე, ასევე, პიროვნებებზე; გაუგებარია თუ როგორ უნდა მოხდეს ამ საშვების აღება. იმედია, ეს რამდენიმე დღეში საბოლოოდ გადაწყდება", - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.