მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორნების ნაწილი დახურვა-გაკოტრების პირასაა - შოთა ბურჯანაძე „მწვანე პასპორტის“ ეფექტზე

61bc45d7b3d1b
მარიამ ვარადაშვილი
17.12.21 13:04
718
"რესტორატორთა ასოციაციის" დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ “მწვანე პასპორტის” სისტემამ რესტორნებს მომხმარებელი შეუმცირა. საუბარია დიდი, დარბაზის ტიპის რესტორნებზე, სადაც როგორც ბურჯანაძე ამბობს, ძირითადად სხვადასხვა სოციალური ღონისძიება იმართებოდა.

მისივე თქმით, დეკემბრიდან ამოქმედებული რეგულაცია არ შეეხოთ ე.წ ბუტიკის ტიპის რესტორნებს, რომელთა მომხმარებელიც “მწვანე პასპორტით” განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. როგორც BMG-ს შითა ბურჯანაძე ეუბნება, ამ ტიპის რესტორნებს სექტორის მცირე ნაწილი 15%-მდე უკავიათ.

“სამწუხაროდ, რასაც ვამბობდით, ახდა. “მწვანე პასპორტი”, რომელსაც დადებითი გავლენა უნდა მოეხდინა ქვეყანაში, ვაქცინაციის პროცესი დაეჩქარებინა, ეკონომიკაში გარკვეული ძვრები შეეტანა და სარესტორნო სფეროსთვის განვითარების შესაძლებლობა უნდა ყოფილიყო, კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა, რადგან არასწორად განხორციელდა.

ქვეყანაში ვაქცინაცია დაბალ ნიშნულზეა და ბუნებრივია, ბიზნესს მომხმარებელი დააკლდებოდა. რესტორნების ძალიან დიდი სეგმენტი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რესტორანთა მცირე ნაწილი არსებობს, რომლებსაც ახალი სისტემის შემოღება რთულად არ გადაუტანია და მომხმარებელი არ მოკლებია, მაგრამ რეგულაცია შეეხო ტრადიციულ-ქართული ტიპის დარბაზებსა და რესტორნებს. კიდევ უფრო რთული სიტუაციაა რეგიონებში”, - აცხადებს ბურჯანაძე.

კითხვაზე  - დაახლოებით, მომხმარებლის რამდენი პროცენტი მოაკლდა ამ ტიპის რესტორნებს, ბურჯანაძე ამბობს, რომ თბილისში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ია.

“მწვანე პასპორტი” რეგულაციების მოხსნისთვის ხიდი უნდა ყოფილიყო. საუბარია იმ რეგულაციებზე, რომლებიც დღეს არსებობს ქორწილების, დაბადების დღეებისა და ქელეხების აღნიშვნის აკრძალვა; ამ ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა უნდა ყოფილიყო, რადგან უსაფრთხო ზონა შეიქმნებოდა. ვინაიდან ეს ვერ მოხდა, მომხმარებლის ის რაოდენობა, რაც ასეთ რესტორნებს ჰყავდათ, მინიმუმამდე დავიდა. დაახლოებით, 30-70%-მდე მომხმარებლის მოაკლდა ამ კატეგორიის რესტორნებს. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი სახის რესტორნები დახურვა/გაკოტრების პირას არიან. განვმარტავ, რომ აქ საუბარია დიდ რესტორნებზე, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ ისეთ სეგმენტზე, ვინც “მწვანე პასპორტის” მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. კლება რეგიონების მიხედვით უფრო დიდია. თბილისში 30%-ია”, - აცხადებს ბურჯანაძე.

ამის მიუხედავად, ბურჯანაძე "მწვანე პასპორტის" გაუქმებას არ ემხრობა და ამბობს, რომ ბიზნესს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, აირჩიოს, დანერგოს თუ არა საკუთარ რესტორანში ეს სისტემა. 

პირველი დეკემბრიდან საქართველოში “მწვანე პასპორტის” სისტემა ამოქმედდა. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი აცრილია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. საქართველომ მთავრობამ ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირებს “მწვანე პასპორტი” უვადოდ მიანიჭა.