24.ნოემბერი .2021 19:44

რესტორნების სრულფასოვანი მუშაობისთვის საათობრივი შეზღუდვის მოხსნა აუცილებელი იყო - გუბელაძე

რესტორნების სრულფასოვანი მუშაობისთვის საათობრივი შეზღუდვის მოხსნა აუცილებელი იყო - გუბელაძე
views 416
უკან

„შავი ლომის“ „ნინიას ბაღისა“ და კაფე „ლეილას“დამფუძნებელი მერიკო გუბელაძე აცხადებს, რომ რესტორნების სრულფასოვანი მუშაობისთვის 23:00 საათის შემდგომ საქმიანობის შეზღუდვის მოხსნა აუცილებელი იყო.

“კიდევ კარგი მიხვდნენ ამას და მოხსნეს. სიმართლე გითხართ, არ ველოდი. ამ გადაწყვეტილებამ ყველა გაგვახარა. ადამიანი 7 საათზე სამსახურს რომ ამთავრებს, სახლში მისვლა და შემდეგ რესტორანში წასვლა აღარ უღირს. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სრულფასოვანი მუშაობისთვის ამ შეზღუდვის მოხსნა აუცილებელი იყო”,-აცხადებს გუბელაძე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან რესტორნებს 23:00 საათის შემდეგაც ექნებათ მუშაობის უფლება. საათობრივი შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად კვლავ ძალაშია რეგულაციები, რომელიც მაგიდასთან სტუმრების განთავსების წესს ეხება.

გუბელაძე ამბობს, რომ ეს შეზღუდვა განსაკუთრებით რთული მცირე ობიექტებისთვისაა.

“ჩემს რესტორნებში საკმარისი სივრცეა მაგიდების გადასანაწილებლად, მაგრამ არის რესტორნები, სადაც ძალიან პატარა სივრცე აქვთ. მაგიდებს შორის 2 მეტრიანი დისტანციის დაცვისა და სკამებს შორის 1 მეტრიან დაშორების გამო, მომხმარებელს ვეღარ ატევენ. ანუ ვეღარ დაჯდება იმდენი ადამიანი, რომ ამ რესტორნის სამუშაო პირობები სრულფასოვანი იყოს. ამიტომ, მცირე ზომის რესტორნებისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს რეგულაციაც გაუქმდეს. მით უმეტეს, თუ მწვანე სივრცეებად გამოცხადდებიან რესტორნები”,-ამბობს გუბელაძე.