მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორნების თანამშრომელთა ინფიცირების მაჩვენებელი ოფიციალურად არ აღირიცხება - NCDC

6076f778bcecf
ინგა მურუსიძე
14.04.21 21:45
552
ყველაზე დიდი საფრთხე სარესტორნო სივრცეებია, დათქმებს ყველაზე მეტად არღვევენ, - ეს სიტყვები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ეკუთვნის, რომელსაც კერძო სექტორის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რომ ამ ბიზნესს ინდივიდუალურად მიუდგებიან და დაყოფენ კეთილსინდისიერ და არაკეთილსინდისიერ კანონის დამცველებად. რესტორნებში ვირუსის გავრცელების მაღალ მაჩვენებელს ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, თუმცა მინისტრისგან განსხვავებით ის ამბობს, რომ საუბარია ძირითადად ორგანიზაციებზე, სადაც ქორწილები ქელეხები და მსგავსი მასშტაბური სოციალური ღონისძიებები იმართება.

საკითხის კომენტირებისას ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ „რესტორნები ინფიცირების ერთ-ერთი მთავარი "ბუსტერია", თუმცა მისი მტკიცებით, შეზღუდვებზე ჯერ საუბარი არ არის.

შეზღუდვების შემთხვევაში დაუმორჩილებლობის გამოცხადებას გეგმავენ რესტორნები. რესტორატორების ნაწილმა დღეს თქვა, რომ მესამედ დახურვა რესტორნებისთვის დასასრული იქნება.

BM.GE დაინტერესდა, თუ რა სტატისტიკური მონაცემებია რესტორნებში ინფიცირების კუთხით. როგორც ამირან გამყრელიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რესტორნების თანამშრომელთა ტესტირებას სახელმწიფო არ ახორციელებს:

„რესტორნების თანამშრომლები შეიძლება კერძოდ იტესტებიან, თუმცა ეს ინფორმაცია შეკრებილად ჩვენამდე არ მოდის. როცა კერძოდ იტარებს ვინმე ტესტირებას, აუცილებელია, რომ დადებითი პასუხი ატვირთოს ლაბორატორიამ; შესაძლოა, ლაბორატორია ასეც იქცევა, თუმცა აქ არ ვიცით, სულ რამდენი ტესტი ჩატარდა და ა.შ. გარდა ამისა, ტესტები უკვე აფთიაქშიც იყიდება და ადამიანები თავადაც იტარებენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.