მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Retail Group Georgia: შეზღუდვებზე თუ წინასწარ არ გვეტყვიან, ეს ფინანსურ კოლაფსს გამოიწვევს

5fbb9f7a46099
თელარა გელანტია
23.11.20 15:38
1641
„გასაგებია, რომ შეზღუდვები იქნება, მაგრამ სრული შეზღუდვა არ უნდა იყოს“, - ეს კომენტარი bm.ge-ისთან Retail Group Georgia-ს დირექტორმა რევაზ მაღალაშვილმა ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. დიდი ალბათობით, მთავრობა რითეილერებს და სავაჭრო მოლების წარმომადგენლებს მოსალოდნელი შეზღუდვების შესახებ საქმის კურსში აყენებს. ჯერჯერობით, უცნობია, რა დამატებითი აკრძალვების შემოღება იგეგმება.

Retail Group Georgia-ს დირექტორი რევაზ მაღალაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მორიგ „ლოქდაუნს“ ბიზნესი ვერ გადაიტანს.

„იმედი გვაქვს, ოპერირების უფლებას სრულად არ შეგვიზღუდავენ. დეკემბერი არის თვე, რომელზეც ვაჭრობის 25% მოდის და დიდწილად განსაზღვრავს ფინანსური წლის შედეგს. ასევე, მოგეხსენებათ იანვარი-თებერვალი ძალიან პასიურია და სწორედ დეკემბერი არის საჭირო იმისთვის, რომ რითეილერებმა ფულადი ნაკადები დააგროვონ და მძიმე თვეები გადაიტანონ. გასაგებია, რომ შეზღუდვები იქნება, მაგრამ სრული შეზღუდვა არ უნდა იყოს. ამასთან, ნებისმიერ რითეილერს დასჭირდება მინიმუმ ორი კვირა, რომ გადაეწყოს. მილიონობით დოლარის ტვირთია გზაში, გვაქვს ვალდებულებები და თუ წინასწარ არ გვეტყვიან და გადაწყობას ვერ მოვასწრებთ, ეს ყველაფერი ფინანსურ კოლაფსს გამოიწვევს“, - აცხადებს მაღალაშვილი.

მისივე თქმით, რითეილ-სექტორი 2.5 თვე დაკეტილი იყო და კიდევ ერთ „ლოქდაუნს“ ვერ გადაიტანს. ამასთან, მისი თქმით, არაპროგნოზირებადობა ნეგატიურად აისახება სამომავლო ინვესტიციებზე. 

„ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, 700-მდე სამუშაო ადგილზეა საუბარი; ამის გარდა, გვყავს უცხოელი ინვესტორი და ადგილობრივმა მენეჯმენტმა ძალიან ბევრი ვეცადეთ, რომ 2021 წლისთვის ახლი ბრენდების შემოყვანასა და ახალი ინვესტიციების ჩადებაზე, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე დაგვეყოლიებინა; გაურკვევლობა ძალიან რთულია ინვესტორისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მან.