მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კოვიდ-პაციენტებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას 7 თვეა ველოდებით” - ხეჩინაშვილის კლინიკა

60edccfb1dc31
ანუკა ჯოხაძე
13.07.21 23:12
786
გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის 10-წლიანი გეგმის წარდგენისას ახსენა, რომ სახელმწიფოს დავალიანება კლინიკების მიმართ 200 მილიონით შემცირდა. მიუხედავად ამისა, კერძო სექტორი მაინც საუბრობს დაგვიანებულ ჩარიცხვებზე, რომელიც ამჯერად არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, არამედ კოვიდის შესრულების თანხებზე მოდის.

ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორი მაია მახარაშვილი,ამბობს, ამ ეტაპზე სახელმწიფოს აღნიშნული თანხები უკვე 7 თვეა არ ჩაურიცხავს, შესაბამისად, კლინიკებს ამ თანხების მობილიზება საკუთარი სახსრებით უწევთ.

მისი თქმით, ჯერჯერობით კლინიკა სხვადასხვა რესურსიდან შემოსული თანხებით პერსონალის ხელფასების გასტუმრებას ახერხებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება და უკვე მეოთხე ტალღის მოლოდინი არსებობს, თუ ამ მიმართულებით პროცესების დაჩქარება არ მოხდება, კლინიკების დიდ ნაწილს ფინანსურად ძალიან გაუჭირდება.

“კოვიდამდე პერიოდში ძალიან დიდი დავალიანება იყო დაგროვებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის თანხებთან მიმართებით. თითქმის 6 თვით აგვიანებდა ჩარიცხვები, ამ მიმართულებით შედარებით გამოსწორებულია მდგომარეობა. დავალიანება 3-თვიანია, ამ დროისთვის აპრილის თანხებს ველოდებით.

რაც შეეხება, კოვიდის დაფინანსებას, რომელიც ორ ნაწილად იყოფა. კოვიდის საწოლების იჯარის თანხა დროულად ფინანსდება, თუმცა პირდაპირი ხარჯები, რაც კლინიკებმა საკუთარი ჯიბიდან დახარჯეს, კოვიდ პაციენტების მკურნალობაში ჯერ კიდევ არ არის ჩარიცხული. თუ დავთვლით, ნოემბრიდან მოყოლებული უკვე საკმაოდ დიდი დავალიანება დაგროვდა", - აცხადებს ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორი მაია მახარაშვილი.

ცნობისთვის, დღეს კლინიკების მიმართ არსებულ დავალიანებაზე კომენტარი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამაც გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ ამ მიმართულებით პრობლემები სრულად აღმოფხვრილია და კლინიკებისთვის შესაბამისი თანხების ჩარიცხვა დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში ხდება.