22.ნოემბერი .2019 17:05

რევაზ არველაძე: ჰიდროენერგეტიკული მშენებლობა გაჩერებული თუ არა, ძალიან შენელებულია

views 301
უკან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიას სთხოვს, აქტიურად ჩაერთოს განახლებადი ენერგიების ათვისების მხარდაჭერის მიმართულებით სამუშაო პროცესში.

ამის შესახებ არველაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სემეკ–ის წევრის თანამდებობაზე გიორგი ფრუიძის კანდიდატურა განიხილეს.

„სურვილი მექნებოდა, რომ ძალიან სერიოზულად ჩაერთოს სემეკი იმ განახლებადი ენერგიების წყაროების მხარდაჭერის მიმართულებით, რაზეც კანონს ახლა ვიღებთ. ამ კანონში არის მხარდაჭერის სქემა, როგორ უნდა წავახალისოთ განახლებადი წყაროების გამოყენება და ეს ევალება სამინისტროს, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება, ძალიან სერიოზულად ჩაერთოს ამ მიმართულებით მარეგულირებელი კომისია.

ერთ–ერთი სერიოზული გამოწვევა ის არის, რომ საქართველოს ჰიდროენერგეტიკული მშენებლობა გაჩერებული თუ არა, ძალიან შენელებულია. ამ მიმართულებითაც ეს ყველას ვალია – სამინისტროსი, ჩვენიც, რომ ხალხს გავაგებინოთ, რა არის ჩვენთვის ჰიდროენერგეტიკული რესურსები და როგორ უნდა გამოვიყენოთ. ამ მიმართულებითაც იქნება თქვენი მხრიდან სამუშაო ჩასატარებელი“, – მიმართა დეპუტატმა სემეკ–ის წევრობის კანდიდატს.

თავის მხრივ, გიორგი ფრუიძემ აღნიშნა, რომ თუ პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს, ის ამ საკითხებში უშუალოდ ჩაერთვება.

საკითხის განხილვის შემდეგ, დარგობრივმა კომიტეტმა გიორგი ფრუიძეს მხარი დაუჭირა. ამის შემდეგ, მის კანდიდატურას დეპუტატებმა ნდობა პლენარულ სესიაზე უნდა გამოუცხადონ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ფრუიძე მიმდინარე წლის 29 ოქტომბრამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე ნათია ლაზაშვილი „რუსთავი 2“-ს საინფორმაციო გამოშვების წამყვანად დაინიშნა, ფრუიძემ თანამდებობა დატოვა. საქმე იმაშია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისიის ოჯახის წევრის მეუღლე კომისიის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტისთვის ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა