მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“RIA გაფართოვდება” – რა პირობას დებს მიხეილ დაუშვილი

5f92f07f6612b
თელარა გელანტია
23.10.20 19:11
1098
საქართველოს ყოფილი ბიზნესომბუდსმენის და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-11 ნომრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში რეფორმების უმთავრესი მიზანი იქნება, ადმინისტრირება და ბიუროკრატია გახდეს უფრო ეფექტიანი, რათა თითოეულმა მცირე, საშუალო თუ მსხვილმა ბიზნესმენმა სახელმწიფო სერვისები სწრაფად და ხარისხიანად მიიღოს.

ამის შესახებ მან თელავში, 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციაზე განაცხადა და განსაკუთრებული აქცენტი ახალი რეგულაციების შემუშავების პროცესში ბიზნესთან კონსულტაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ შემდეგ ოთხი წლის განმავლობაში რეგულაციების შემუშავებაში კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული კერძო სექტორი. უნდა გავითვალისწინოთ კერძო სექტორის გამოწვევები, რათა მათ არ შევუქმნათ დისკომფორტი თავიანთი საქმის კეთებაში და, რა თქმა უნდა, თითოეული რეგულაციის შემოღება დაეფუძნოს სიღრმისეულ ანალიზს, თუ რა გავლენა ექნება ამა თუ იმ ახალ რეგულაციას ბიზნესის კეთებაზე და ამ კუთხით შემიძლია გითხრათ, რომ რეგულირების გავლენის შეფასების მექანიზმი (RIA) გაფართოვდება და შეეხება ყველა იმ საკანონმდებლო რეგულაციას, რომელიც დაკავშირებული იქნება ბიზნესის კეთებასთან“, - აცხადებს დაუშვილი.

შეგახსენებთ: 2020 წლის პირველ იანვარს ძალაში შევიდა ნორმატიული აქტების შესახებ ორგანულ კანონში გაკეთებული ჩანაწერი, რომელიც ქვეყნის საკანონმდებლო პროცესში ახალ ინსტრუმენტს - “რეგულირების გავლენის შეფასებას” ანუ RIA-ს ნერგავს. კანონის მეჩვიდმეტე მუხლის მიხედვით, რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის მომზადება სავალდებულოა მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებისთვის. ცალკეულ შემთხვევებში RIA მომზადდება სახელმწიფო მმართველობის სხვა უწყებების მიერ მომზადებულ კანონპროექტებზეც, თუ აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას.