04.სექტემბერი .2020 00:19

რიგი ქვეყნებიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლოა კარანტინის გავლა აღარ მოუწიოთ

views 6502
უკან

იმ ქვეყნებიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც საქართველომ საზღვრები გაუხსნა, შესაძლოა, კარანტინის გავლა აღარ დასჭირდეთ. ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა.

„მიმდინარეობს მუშაობა ამ რეგულაციის გადახედვაზე, მაგრამ პირველ ეტაპზე ეს საჭირო იყო. თვითიზოლაციაში, სადაც მიდიოდნენ უცხოელები და ჩვენი თანამემამულეები, ყველა დარღვევა ჩვენს თანამემამულეებში იყო. უცხოელებს არცერთი დარღვევა არ ჰქონიათ. მოგეხსენებათ, გერმანელი, ფრანგი, ბალტიისპირელი ტურისტად რომ ჩამოდის, მას განსაზღვრული აქვს მარშრუტი. შეხვედრები არ არის დიდი. მობილობა და ურთიერთობა საზოგადოებასთან არ არის დიდი. საბედნიეროდ როდესაც გაიხსნა მწვანე კორიდორები, ამ ქვეყნებიდან ინფექციის შემოტანის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა.

მე ქართველი, რომელიც ვცხოვრობ გერმანიაში, ჩამოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, მთელ ჩემს სანათესაოსთან მივდივარ. რისკი ინფიცირებისა მეტია, თუმცა ამის მოვლა სხვანაირადაც შეიძლება დღეს, როდესაც გაფართოებული გვაქვს ტესტირება. ამიტომაც მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა, ეს უხერხული საკითხია, რომელიც უნდა გადაწყდეს", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ევროპის ხუთი ქვეყნის, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები უპირობოდ აქვს გახსნილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კარანტინის გავლა არ უწევთ. აღნიშნული შეღავათი არ ვრცელდება ამ ხუთი ქვეყნიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა