13.სექტემბერი .2019 20:40

რიჟვაძე - კურორტ გოდერძიზე აეროდრომის მშენებლობით რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული

views 279
უკან

“კურორტ გოდერძის აეროდრომის მშენებლობაზე საინვესტიციო პირობები მზადდება”- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
როგორც ის ამბობს, უკვე არის რამდენიმე დაინტერესებული პირი, რომელთა შორისაც მოხდება საუკეთესო შეთავაზების შერჩევა. რის შემდეგაც პროექტი შემდეგ ეტაპზე გადავა. რიჟვაძე უფრო მეტ სიახლეს ამ მიმართულებით მომავალი წლისთვის აანონსებს.

“აუცილებლად ექნება კურორტ გოდერძის აეროდრომი. ახლა მიმდინარეობს საინვესტიციო პირობების მომზადება და ძალიან მალე ჩვენ ამ მიმართულებითაც შევძლებთ შესაბამისი ფორმალობები დავასრულოთ, რომ გადავიდეთ მშენებლობის სტადიაზე. რამდენიმე დაინტერესებული მხარეა და მოხდება მათთან პოზიციების შეჯერება და შემდგომ კონკურენტუნარიან გარემოში გამოვლინდება შესაბამისი მხარე. ჩვენ უნდა შევძლოთ რომ მომდევნო წლისთვის ამ საკითხთან მიმართებაში კიდევ უფრო წინ წავიდეთ”,-ამბობს თორნიკე რიჟვაძე.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავჯდომარემ BM.GE-თან რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ 2019 წლის ზამთრის ტურისტულ სეზონზე კურორტ „გოდერძის“ მიმართულებით შესაძლოა ფრენები განხორციელებულიყო. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამბობდა, საუბარი შეეხებოდა, მცირე ზომის, რამდენიმეადგილიანი საჰაერო ხომალდის ოპერირებას.