11.მაისი .2020 21:05

რიჟვაძე TI საქართველოს კვლევას ეხმაურება – "კარგად ვანსხვავებ ბიზნესს და ეკონომიკას"

views 626
უკან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რომლის მიხედვითაც თანამდებობის პირების, მთ შორის თორნიკე რიჟვაძის, ქონებრივი დეკლარაცია არასრულად და დარღვევებითაა შევსებული.

„არც საკუთარ თავს და არც ხალხს არ ვაკადრებ იმას, რომ კანონდამრღვევი ვიყო. რაც შეეხება კონკრეტული ორგანიზაციის კვლევას და მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულ ორგანიზაციას და მათ სატელიტ მედია-საშუალებებს, რომლებმაც თითქოს რაღაც სკანდალი გამოაცხვეს, ბრალდება წამიყენეს, თითქოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონს ან ინტერესთა შეუთავსებლობის კანონს ვარღვევ.

ჩემს დეკლარაციაში პირდაპირ არის მითითებული, რომ 2017 წლის 2 აგვისტოს, ნოტარიუსის შემცვლელი პირის, თამარ ახმეტელის მხრიდან გაცემულია შესაბამისი წილის მინდობის აქტი და ეს არის პირდაპირ შესაბამისობაში საჯარო სამსახურის შესახებ კანონთან.

ჩემი დეკლარაცია გადამოწმებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მხრიდან და აქვე, პირდაპირ არის მითითებული, რომ დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ დადგენილია საჯარო სამსახურის ბიუროს მხრიდან.

წილის ფლობა, არ ფლობა აკრძალული არ არის საჯარო სამსახურის შესახებ კანონით. აკრძალულია კონკრეტულ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩარევა. კარგად ვანსხვავებ ბიზნესს და ეკონომიკას. ამ კონკრეტულ საწარმოში ბოლო 10 წლის განმავლობაში საერთოდ არ ფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობა. თუმცა, ფორმალურად მაინც წილის მინდობის ხელშეკრულება გაფორმებულია, რაც დეკლარაციაშიც არის მითითებული და გადამოწმებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ. ამის რეგისტრაცია საერთოდ სავალდებულო არ არის.

როცა ასეთ ბრალდებებს აყენებენ, ცოტა უნდა განათლდნენ. არ მაქვს დრო, რომ ისინი განვანათლო საჯარო სამსახურის კანონმდებლობაში, თუნდაც სამეწარმეო და საგადასახადო კანონმდებლობაში. ასევე, დავამატებ იმასაც, რომ ოფისის მენეჯერები არ უნდა წერდნენ იურიდიულ კვლევებს და საზოგადოება არ უნდა შეყავდეთ შეცდომაში“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ქონებრივი დეკლარაციების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, აჭარის მთავრობის მეთაურს თორნიკე რიჟვაძეს და კიდევ რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს საკუთარი ქონებრივი დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული.

TI-ის მიერ გამოვლენილი დარღვევებიდან 4 შემთხვევა ეხება თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, წილები საწარმოებში) არასრულ დეკლარირებას. ამასთან, 2 შემთხვევაში სხვადასხვა საწარმოში წილების მფლობელ თანამდებობის პირებს წილები სხვა პირებისთვის მინდობით არ გადაუციათ, რაც ასევე არის საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევა.

TI-ის კვლევის მიგნებები

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა