31.იანვარი .2020 12:35

რის საფუძველზე განისაზღვრა "რიყის დოქების" საწყის ფასად 95 მლნ ლარი? - მინისტრის პასუხი

views 731
უკან

ე.წ. "რიყის დოქების" ფასში გათვალისწინებულია მიწის ფართობიც - 15 000 კვ.მ, რომელიც საკმაოდ ძვირია, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ bm.ge-ის ჟურნალისტის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ქონების საწყის ფასად 95 მლნ ლარის განსაზღვრას შეეხებოდა. 

მინისტრის თქმით, შენობის ღირებულების დადგენისას გათვალისწინებულ იქნა ასევე სამშენებლო ხარჯებთან, რომელიც თავის დროზე იქნა გაწეული.

„ჩვენ თავის დროზე, როცა  პროგრამის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ დაწყება დავაანონსეთ, ვთქვით და ვასრულებთ პირობას, რომ დროდადრო საპრივატიზაციო ნუსხას საინვესტიციო ობიექტები დაემატება. ამ ეტაპზე ეს არის ე.წ. "რიყის დოქები", რაც თავის დროზე დაჯდა ძალიან ძვირი; შენობა იმყოფება საკმაოდ მიმზიდველ ადგილას, ტურისტულ ცენტრში. ეს ერთ-ერთი საინტერესო ადგილია ჩვენი ტურისტებისთვის და ვიზიტორებისთვის, თუმცა სამწუხაროდ, დღემდე ვერ იპოვა თავისი დანიშნულება, სრულიად სწორია, რომ ჩვენ გვაქვს მცდელობა მოვძებნოთ კერძო ბიზნესი, რომელიც მას ჩაიბარებს და იქნება დაინტერესება, რომ ეს პროექტი გახადოს საინტერესო მიზიდულობის ცენტრი ტურისტებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამავდროულად იყოს მიმზიდველი კომერციულად ბიზნესისთვის, რომ დაასაქმოს ადამიანები. ღირებულება საკმაოდ მაღალია და ეს დაკავშირებულია როგორც სამშენებლო ხარჯებთან, ისე 15 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ღირებულებასთან და შეფასება ამას ემყარება. რამდენად ადეკვატურია ფასი, ამას გვაჩვენებს აუქციონი. არ მინდა დროს გავუსწრო. მე მაქვს ჩემი შეფასება, მაგრამ მოდით, ბაზარმა გადაწყვიტოს“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. "რიყის დოქების" ფასი 95 მილიონი ლარია. "რიყის დოქების" აშენება 75 მლნ ლარი დაჯდა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა