მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რის შესაძლებლობას აძლევს ქართულ ბიზნესს ბიზნესომბუდსმენების კოოპერაცია

5d9b659d1dc14
თათია ჩაფიჩაძე
07.10.19 21:10
796
ბიზნესომბუდსმენის აპარატის და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორგანიზებით, 11 ოქტომბერს თბილისი საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციას უმასპინძლებს.


კონფერენციაზე „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ ბიზნესის უფლებების დაცვის მექანიზმები და საერთაშორისო გამოცდილება იქნება განხილული.


ამავე ღონისძებაზე საქართველო - პოლონეთის, საქართველო - ყაზახეთის და საქართველო - უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენის აპარატებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება, რაც ბიზნესომბუდსმენის აპარატს საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მემორანდუმების ფარგლებში გაფართოვდება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის არეალი და გაძლიერდება აპარატის როლი უცხოურ ბაზრებზე ქართული ბიზნესების დაცვის მიმართულებით.


„ჩვენ როდესაც დავიწყეთ მუშაობა, ბიზნესომბუდსმენის აპარატში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ავირჩიეთ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. დავიწყეთ აქტიური ურთიერთობები მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან. 11 ოქტობრის ღონისძიებაშიც მათი როლი უმნიშვნელოვაესია. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამ ღონისძიებაზე ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებას და საინტერესო ქეისებს.


მეორე მხრივ რამდენიმე საინტერესო ქვეყანაა, სადაც ქართული ბიზნესია წარმოდგენილი, იგივე ყაზახეთი, პოლონეთი, უკრაინა. ჩვენ გვექნება დამატებითი ბერკეტი რაიმე საკითხის არსებობის შემთხვევაში, პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს კოლეგებთან. ეს თანამშრომლობა არ ითვალისწინებს ჩვენი ოფისის ადგილზე გახსნას, თუმცა თუ რომელიმე იქ მოღვაწე ბიზნესი გვკითხავს ან კონსულტაციით მოგვმართავს, ასეთ შემთხვევაში შეგვეძლება ჩვენი კოლეგა ინსტიტუტის მხარდაჭერით მათ ეს გზამკვლევი ადგილზე გავუკეთოთ. ამის ბერკეტები დღესაც არის იგივე საელჩოების მხარდაჭერით, მაგრამ თუ გვექნება დამატებითი ბერკეტი, ეს უკეთესი იქნება ჩვენი ბიზნესისთვის“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ირაკლი ლექვინაძემ.