მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რის ხარჯზე გაიზარდა ექსპორტი რეკორდულად ყირგიზეთში, ყაზახეთსა და ესპანეთში?

6442655d92ee1
ვიქტორია მღებრიშვილი
21.04.23 16:06
2398
2023 წლის პირველ სამ თვეში ექსპორტი 24.7%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 461 მილიონი დოლარი შეადგინა. 10 უმსხვილეს საექსპორტო მიმართულებებს შორის ექსპორტი თითქმის ყველა ქვეყანაში გაიზარდა, გარდა ჩინეთისა და ბულგარეთისა.

ამ პერიოდში კი TOP-საექსპორტო ბაზრებს შორის საქონლის რეალიზება ყველაზე მეტად ყირგიზეთის, ყაზახეთისა და ესპანეთის მიმართულებით გაიზარდა. პირველი ორი ქვეყნის შემთხვევაში ექსპორტის რეკორდული ზრდა ავტომობილების რეექსპორტის მაღალი მაჩვენებლებით არის განპირობებული, ესპანეთის შემთხვევაში კი საქმე სპილენძის მადნების რეალიზების ზრდასთან გვაქვს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს უმსხვილეს საექსპორტი ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი ზრდა ყირგიზეთში ფიქსირდება. იანვარ-მარტის განმავლობაში ამ მიმართულებით ექსპორტი 1 457%-ით გაიზარდა და 95.9 მლნ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, ყირგიზეთმა 5.9%-იანი წილით მეშვიდე ადგილი დაიკავა.

როგორც აღვნიშნეთ, მთავარი საექსპორტო საქონელი ამ პერიოდში მსუბუქი ავტომობილები იყო, რომელსაც ექსპორტში 90%-იანი წილი უკავია. TOP-10 ექსპორტირებული საქონლის რეიტინგი ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 87 მლნ დოლარი;
2. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს - 5.1 მლნ დოლარი, 255 ტონა;
3. სატვირთო ავტომობილები - 717 ათასი დოლარი;
4. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები - 664 ათასი დოლარი;
5. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 618 ათასი დოლარი;
6. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 405 ათასი დოლარი;
7. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 214 ათასი დოლარი;
8. კიბოსნაირნი - 171 ათასი დოლარი;
9. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 136 ათასი დოლარი;
10. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატებით - 132 ათასი დოლარი;

უნდა აღინიშნოს, რომ ამავე პერიოდში ყირგიზეთიდან საქონლის იმპორტი მცირე იყო და მხოლოდ 1 მილიონ 235 ათას დოლარს შეადგენდა. თუმცა ეს მაჩვენებელი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია. იმპორტირებულ საქონელის ჩამონათვალიც არც ისე მრავალფეროვანი იყო. საანგარიშო პერიოდში ყირგიზეთიდან პარკოსანი გამხმარი ბოსტნეული, ბულდოზერები, ავტოგრეიდერები; თხილი და სხვა კაკალი; წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით; ნათურები ვარვარის ელექტრული; სპაგეტი, მაკარონი, ვერმიშელი, ატრია; ორთოპედიული სამარჯვები; დაფასოებული სამკურნალო საშუალებები; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები; აპარატურა გადამცემი რადიოსატელეფონო შევიძინეთ.

ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ სწორედ ექსპორტის ზრდამ განაპირობა ყირგიზეთის TOP-10 სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის რეიტინგში მოხვედრა. ჯამში ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა პირველ კვარტალში 1 345%-ით გაიზარდა და ცენტრალური აზიის ქვეყანამ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 2%-იანი წილით მეათე ადგილი დაიკავა.

მეორე ქვეყანა, სადაც პირველ კვარტალში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა ყაზახეთი იყო. ამ მიმართულებით საქონლის რეალიზების ზრდამ 415% შეადგინა. ჯამში საქართველომ ყაზახეთში ექსპორტით 122 მილიონ 195 ათასი დოლარის შემოსავალია მიიღო და საექსპორტო პარტნიორებს შორის ამ მიმართულებამ 8.4%-იანი წილით მეხუთე ადგილი დაიკავა.

ყირგიზეთის მსგავსად ყაზახეთში მთავარი საქონელი რეექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილები იყო. მთლიან ექსპორტში ამ საქონელზე 71.3% მოდიოდა.

პირველ კვარტალში ყაზახეთში ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 87.1 მლნ დოლარი;
2. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს - 14.8 მლნ დოლარი;
3. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის - 3.1 მლნ დოლარი;
4. მინერალური და მტკნარი წყლები - 3 მლნ დოლარი;
5. რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები - 2.2 მლნ დოლარი;
6. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2.1 მლნ დოლარი;
7. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით - 1.2 მლნ დოლარი;
8. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 628 ათასი დოლარი;
9. ლუდი - 594 ათასი დოლარი;
10. ელექტროსამართებლები და თმის საკრეჭი მანქანები - 583 ათასი დოლარი.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყაზახეთი უმსხვილეს საიმპორტო მიმართულებებს შორის არ იყო, თუმცა ამ ქვეყნიდან საქონლის შეძენის მაჩვენებელი მცირედით გაიზარდა. ჯამში პირველი სამი თვის განმავლობაში ყაზახეთში სხვადასხვა საქონლის შესაძენად 6 მილიონ 217 ათასი დოლარი გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იმპორტს 8.2%-ით აღემატება. იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეულში კი ქაღალდი და მუყაო არაცარცირებული გამოსაყენებელი საწერად, ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი, პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად, მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან, სასუქები მინერალური ან ქიმიური აზოტი შედიოდა.

ყაზახეთის შემთხვევაში, ქვეყანა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ათეულში ექსპორტის გაზრდილი მოცულობების გამო მოხვდა და 2.8%-იანი წილით მერვე ადგილი დაიკავა. ჯამში ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ 128 მილიონ 413 ათასი დოლარი შეადგინა.

მესამე ქვეყანა, სადაც წელს ექსპორტი რეკორდულად 391.1%-ით გაიზარდა ესპანეთი იყო. თუ გასული წლის პირველ სამ თვეში ესპანეთში საქართველოდან მხოლოდ 5.1 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, წელს ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 25 მილიონ 327 ათასი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, ესპანეთი 1.7%-იანი წილით უმსხვილეს 10 საექსპორტო ქვეყანას შორის მოხვდა.

ესპანეთის ექსპორტის ზრდა, ყირგიზეთისა და ყაზახეთისგან იმით განსხვავდება, რომ ამ შემთხვევაში მთავარი საექსპორტო საქონელი ადგილობრივი წარმოების სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რასაც მთლიან ექსპორტში 72% ეკავა. გასულ წელს პირველ ადგილს ფეროშენადნობები იკავებდა, სპილენძის მადნები და კონცენტრატები კი პირველი კვარტლის საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში არ გვხვდება.

TOP-10 საექსპორტო საქონელი:

1. მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 18.2 მლნ დოლარი;
2. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 3.5 მლნ დოლარი;
3. თხილი და სხვა კაკალი - 2.3 მლნ დოლარი;
4. ვერმუტები და ყურძნის სხვა ნატურალური ღვინოები - 297 ათასი დოლარი;
5. მანგანუმის ოქსიდები - 270 ათასი დოლარი;
6. ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები, თევზის - 179 ათასი დოლარი;
7. ფეროშენადნობები - 177 ათასი დოლარი;
8. ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები - 118 ათასი დოლარი;
9. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 88 ათასი დოლარი;
10. კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა - 34 ათასი დოლარი;

ესპანეთიდან იმპორტის მაჩვენებელი პირველ კვარტალში 43.3%-ით 47 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეულში კი შედიოდა მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი, მსუბუქი ავტომობილები, კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა; სხვა ცოცხალი მცენარეები; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული, პროდუქტები, ცხოველების საკვებად, სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური, ნსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები და ზრდის რეგულატორები, კოსტუმები, კომპლექტები და სხვა მამაკაცისა ან ბიჭისა, ბოსტნეული სხვა, ძმრის დამატების გარეშე, დამზადებული ან დაკონსერვებული, მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი.

ექსპორტის რეკორდული ზრდის მიუხედავად 2023 წლის პირველ კვარტალში ესპანეთი ბრუნვის მიხედვით სავაჭრო პარტნიორებს შორის ათეულში ვერ მოხვდა და 72 მილიონ 534 ათასი დოლარის ბრუნვით 16 ადგილს იკავებდა.