2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მომავალი წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდის პროგნოზის მიხედვითაა დაგეგმილი. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტით მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების ჯამი 12 871,8 მლნ ლარს შეადგენს, რომლის 1/3 -ზე მეტი, 4 631,3 მლნ ლარი ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაში დაიხარჯება. ეს მაჩვენებელი კი, ამავე წლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საპროგნოზო მაჩვენებლის 9,55%-ია.
სახელმწიფო ბიუჯეტში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ხარჯების მკვეთრი ზრდა 2013 წელს დაიწყო, როცა ბიუჯეტის გადასახდელებში აღნიშნული ხარჯების წილი 4,97 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. მეორე მასშტაბური ზრდა 2016 წელს განხორციელდა. ამ წელს ბიუჯეტის გადასახდელების გადანაწილებაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ხარჯებმა ყველაზე მაღალი 36,08% შეადგინა. შემდეგ წლებში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ხარჯების წილი მცირდებოდა, მაგრამ 2020 წელის საპროგნოზო მაჩვენებელი 2016 წლის მაჩვენებელს თითქმის გაუტოლდა, რაც მომდევნო წლის ბიუჯეტის გადასახდელებში 35.98%-იანი წილითაა დაგეგმილი. მსგავსად მომდევნო წლისა, 2016 წელიც საპარლამენტო არჩევნების წელი იყო. თავის მხრივ, 2020 წლის ზრდა ძირითადად სოციალური დაცვის კომპონენტს უკავშირდება, ვინაიდან 2019 წელთან შედარებით ბიუჯეტში სოციალური დაცვის წილი 1,46 პროცენტული პუნქტით მეტია. აღნიშნული პენსიის უზრუნველყოფის ხარჯების ზრდას უკავშირდება, რადგან მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტით ასაკით პენსიონერებს იანვრიდან სახელმწიფო პენსია 20 ლარით და ივლისიდან 70 წლის და უფრო მეტი ასაკის პენსიონერებს დამატებით 30 ლარით გაეზრდებათ, ხოლო მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით პენსიის მიმღები 758,5 ათასი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 21,50% და საშუალოდ აქტიური ამომრჩევლის 46,31%-ია.
წყარო 1: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
2020 წლის ბიუჯეტის პროექტში განათლების და საერთო დანიშნულების მომსახურების ხარჯების წილიც გაზრდილია. მომდევნო წლის ბიუჯეტში განათლებისათვის 1 539,7 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც გადასახდელების 11,96%-ს შეადგენს. მიმდინარე წელის გეგმით კი - 11,48%-ია. საერთო დანიშნულების მომსახურების ხარჯების წილი მომდევნო წლისთვის 0,66 პროცენტული პუნქტით, 13,39%-მდე იზრდება, რაც ძირითადად სახელმწიფო ხელისუფლების აპარატის ადმინისტრაციული ხარჯებს მოიცავს.
საბიუჯეტო ხარჯების წილი ერთ სექტორში ზრდასთან ერთად სხვა სექტორში მცირდება. 2016 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ხარჯების წილის ზრდას საერთო დანიშნულების მომსახურების ხარჯების წილის 4,16 პროცენტული პუნქტით შემცირება მოჰყვა. 2020 წლისთვის კი, პირიქით, აღნიშნული ხარჯების წილი იზრდება, ხოლო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის წილის ზრდა, თავდაცვისა და პოლიციის/უსაფრთხოების ხარჯების წილის შემცირებას უკავშირდება. 2020 წლისთვის თავდაცვის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების 7,60%-ს შედგენს, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის კი - 9,40%-ს. ჯამში ორივეს წილი მიმდინარე წელთან შედარებით 0,93 პროცენტული პუნქტით, 17,00 %-მდეა შემცირებული.
წყარო 2: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კაპიტალური და მიმდინარე ხარჯები მშპ-ს 26,53%-ია. მთლიანი ეკონომიკის სწორედ ეს ნაწილი იქნება მთავრობის მიერ განკარგული. მიმდინარე წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი ოდნავ, 0,24 პროცენტული პუნქტით გაზრდილია. 2019 წლის ბიუჯეტში სოციალური დაცვის ხარჯები მშპ-ის 7,24%-ითაა დაგეგმილი, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის კი - 2,31%-ით. 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ გაწეული განათლების ხარჯები ეკონომიკის 3,17%-ით დაიგეგმა, რაც ბოლო წლებში ყველაზე მაღალ ნიშნულს იკავებს.
საბოლოოდ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნების წელს მთავრობამ ბიუჯეტის ხარჯების განაწილებისას ტრადიციული საზოგადოებრივი საქონლის - თავდაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის შემცირების ხარჯზე სოციალური ტრანსფერების - „პირდაპირი“ და „ხილული“ სარგებლის ზრდა ამჯობინა, რომლის მიმღები 758,5 ათასი პენსიონერი, საშუალოდ აქტიური ამომრჩევლის 46,31%-ია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი