მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რისკის პროპორციული რეგულირება - დიდი ბრიტანეთის და იაპონიის გამოცდილება

628636fa58a34
BM.GE
19.05.22 16:20
621
თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია ინოვაციური შესაძლებლობაა, რომელიც მწეველს გონივრული არჩევანის შესაძლებლობით უზრუნველყოფს. არჩევანი კი შემდეგია - მწეველებს შეუძლიათ გააგრძელონ ტრადიციული სიგარეტის მოწევა ან გადავიდნენ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე,რომელიც სიგარეტის მოწევასთან შედარებით უკეთესი ალტერნატივაა- აღნიშნავენ ექსპერტები.

“თამბაქოს პანდემია”, როგორც მას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (ჯანმო) უწოდებს, ჯანდაცვის სისტემების მთავარ გამოწვევად სახელდება. დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და ჯანმოს ვარაუდით, მათი რაოდენობა 2025 წლამდე უცვლელი დარჩება.

თამბაქოს ფატალურ შედეგებთან გამკლავების მიზნით ორგანიზაცია მთავრობებს მოუწოდებს, დააწესონ მკაცრი აკრძალვები და გადასახადები თამბაქოს ნაწარმზე, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს მომხმარებლის მხრიდან თამბაქოს პროდუქციაზე წვდომის შეფერხებას.

მართალია, დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, თამბაქოს მომხმარებელთა 55.1% გამოთქვამს სურვილს, თავი დაანებოს მოწევას, თუმცა სასურველი მიზნის მიღწევას მხოლოდ 7.5% ახერხებს. რთულია ვივარაუდოთ რა არის ამის მთავარი მიზეზი - ნიკოტინზე დამოკიდებულება, მოწევის რიტუალზე მიჯაჭვულობა თუ სტრესი და სხვა გარე ფაქტორები, თუმცა, ფაქტია, რომ თამბაქოს მოხმარების შედეგად, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგება.

თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია შესაძლებლობას აძლევს მწეველს, რომელიც არ ანებებს თავს მოწევას, გააგრძელოს ნიკოტინის სასურველი დონის მიღება და ამავდროულად შეამციროს საკუთარი ორგანიზმისა და გარშემომყოფთათვის მიყენებული ზიანი.

ამ პროცესში კი მთავარ ინსტრუმენტს კი თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები წარმოადგენს. თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები არ იყენებენ წვის ტექნოლოგიას, არამედ თამბაქოსა და სპეციალურად შექმნილ სითხეს შედარებით დაბალ ტემპერატურამდე ახურებენ, შედეგად არ გამოყოფენ კვამლს - 6000-მდე მავნე ან პოტენციურად მავნე ქიმიური ნივთიერებების ნაერთს, არამედ წარმოქმნიან აეროზოლს, რომელიც დაახლოებით 90-95%-ით ამცირებს მასში არსებული ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას.

ზიანის შემცირების სტრატეგიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დიდი ბრიტანეთი. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში 2012-2017 წლებში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის სწრაფი კლება შეინიშნებოდა, ამ ტენდენციას კი ისინი ბაზარზე თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების გამოჩენას უკავშირებენ. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ დიდ ბრიტანეთში მწეველთა 79% მოიხმარს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს იმისათვის, რომ შეამცირონ ყოველდღიურად მოხმარებული სიგარეტის რაოდენობა.

უფრო მეტიც, დიდ ბრიტანეთში არსებული ორგანიზაციის Action on Smoking and Health (ASH) მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში მოწევის შემცირების პროცესში გადამწყვეტი როლი თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების გამოჩენამ ითამაშა, რის შედეგადაც 1.7 მილიონმა მწეველმა თავი დაანება ტრადიციული სიგარეტის მოწევას და გადავიდა თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების - ელექტრონული სიგარეტებისა და თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების მოხმარებაზე.

მსგავსი გამოცდილების შესახებ საუბრობს იაპონიაც. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2016-2019 წლებში იაპონიაში ტრადიციულ სიგარეტზე მოთხოვნა 5-ჯერ შემცირდა, ამის მიზეზად კი მომხმარებლის მხრიდან თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლა სახელდებოდა.

უფრო მეტიც, 2019 წელს ბრიტანულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერები საუბრობენ იაპონიაში ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობის კლების ტენდენციის გაგრძელებაზე და ამის მიზეზად სწორედ ბაზარზე თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების გამოჩენას და მოსახლეობის მხრიდან მოწყობილობების მოხმარებისადმი ღიაობას უკავშირებენ.

დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის მაგალითები ადასტურებს, რომ თამბაქოს უკვამლო მომავლის შექმნა შესაძლებელია. თუმცა, ამისათვის საჭიროა გონივრული საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება და ტექნოლოგიური და სამეცნიერო ინოვაციების იმპლემენტაცია, რადგან დღეს პროგრესის საფუძველს სწორედ ინოვაციები წარმოადგენს.