მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რით აიხსნება მაღალი ინფლაცია იანვარში? - Galt & Taggart-ის შეფასება

6200cd8e88912
ვიქტორია მღებრიშვილი
07.02.22 12:14
875
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ინფლაციამ, წინა თვის მსგავსად, 13.9% შეადგინა.

Galt & Taggart-ში ინფლაციის მაღალი დონის შენარჩუნების ფაქტორებს ყოველკვირეულ მიმოხილვაში განმარტავენ, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

„იანვარში, ინფლაციის მაღალი დონე იხსნება გასული წლის დაბალი ბაზით, რაც მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას უკავშირდება (აღნიშნულ ფაქტორს გავლენა ექნება ასევე თებერვლის ინფლაციაზე). ამასთან, საბაზო ინფლაცია, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 0.5პპ-ით 5.6%-მდე შემცირდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+16.2%, +5.27პპ), საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (+44.8%, 3.69პპ), ტრანსპორტი (+16.2%, +2.08პპ) და სასტუმროები და რესტორნები (+16.0%, 0.86პპ). ამასთან, 2022 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ადგილი ჰქონდა 1.1%-იან ინფლაციას, რაც ძირითადად გამოიწვია ფასების ზრდამ სურსათი და უალკოჰოლო სასმელების (+2.5%, +0.84პპ) კატეგორიაში“, - წერია მიმოხილვაში.

Galt & Taggart-ის აღდგენის დინამიკაში სებ-ის მონეტარულ პოლიტიკაზეც არის საუბარი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 2 თებერვალს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10.5%-ზე დატოვა. მიმოხილვის ავტორები მარეგულირებლის განმარტებებს და პროგნოზებს წარმოადგენენ.

„სებ-ის თანახმად, 2021 წლის პირველი ნახევრიდან მოყოლებული მაღალ ინფლაციას სურსათის, ნავთობისა და ტრანსპორტირების საერთაშორისო მასშტაბით გაზრდილი ფასები განაპირობებს. რეგულატორის თანახმად, საბაზო ინფლაციის კლების დინამიკა ბოლო თვეებში ინფლაციის დასტაბილურების ადრეულ ნიშნებს აჩვენებს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია შემცირებას 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს, რასაც ერთჯერადი ფაქტორების მილევასთან ერთად, დაგეგმილი ფისკალური კონსოლიდაცია და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შეუწყობს ხელს. ეროვნული ბანკი ასევე იძლევა სიგნალს, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები (როგორიცაა გეოპოლიტიკური და გლობალური ფინანსური პირობების მოსალოდნელზე სწრაფი გამკაცრება) საკმარისად არ შერბილდება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 30 მარტს ჩატარდება“, - ნათქვამი Galt & Taggart-ის კვირის აღდგენის მიმოხილვაში.