მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რით დავეხმარებით მცირე მეწარმეებს? იქნებ შეღავათებზე ვიმსჯელოთ - კახიშვილი თალაკვაძეს

60112f4d13637
ინგა მურუსიძე
27.01.21 13:09
800
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახა კახიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართავს, მთავრობის უწყებათშორის საბჭოზე მცირე მეწარმეებისთვის დახმარების საკითხზე იმსჯელონ.

განცხადება მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა და თქვა, რომ მცირე მეწარმეები ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან ბიზნესი დახურული აქვთ და გადასახადებს მაინც იხდიან.

„ჩვენ გვაქვს მცირე ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემები. ბოლო ორი დღის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა მოლაპარაკებები მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან, მაგრამ საკითხები ძალიან რთულია. მაგალითისთვის სალონების და ბაზრობების წარმომადგენლები არიან ძალიან რთულ მდგომარეობაში. მათ ბოლო ქონებები ჩადეს ბანკებში. აიღეს სესხები, რომელიც ჩადეს ბიზნესებში და ბიზნესების ფუნქციონირებით არჩენენ ოჯახებს. ამ დროს ფაქტობრივად მივიღეთ ის, რომ მათი ბიზნესი დაკეტილია, სესხი სესხად რჩება და გადასახადებიც გადასახდელია.

გთხოვთ ვიმსჯელოთ რა შეღავათები შეგვიძლია დავუწესოთ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ გადარჩნენ. ძალიან რთული პერიოდია, გახსნა შეიძლება მეტ პრობლემასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ თუ არ ვიხსნებით, იქნებ შეღავათების დაწესება შევძლოთ?“ - განაცხადა კახიშვილმა.

მისივე თქმით, ეს არ არის ერთთვიანი, ან ორთვიანი ციკლი, რომ ადამიანმა აიტანოს, უკვე დაახლოებით 1 წელია დახურულ რეჟიმში ეს ადამიანები იხდიან დაკისრებულ გადასახადებს.

კახიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, მცირე ბიზნესებთან შეხვედრები გაიმართოს, რადგან ყველა მათგანი ასოციაციებში არ არიან გაერთიანებული და ყურადღების მიღმა არავინ უნდა დარჩეს.