მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რით განსხვავდება "ფაიზერისა" და ასტრაზენეკას" ვაქცინის პროტოკოლი - განმარტება

605c4b3af3ea1
ინგა მურუსიძე
25.03.21 12:58
2031
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ის პროტოკოლი განმარტა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში „ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრისას უნდა იქნას დაცული. 

გაბუნიას თქმით, როგორც ერთი, ისე მეორე ვაქცინით აცრის შემდეგ დაყოვნების ოთახში 30-ის ნაცვლად, 45 წუთი უნდა დარჩეს.

„ფაიზერს“ სჭირდება სპეციალური საინექციო შპრიცი და ის უკვე დარიგებულია შესაბამის კლინიკებში. სხვა განსხვავება ადმინისტრირების წესში არ არსებობს, თუმცა სამედიცინო დაწესებულებებში „ფაიზერის“ ვაქცინა 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურის პირობებში ინახება, ამიტომ დოზების გატანა მკაცრი მონიტორინგის ქვეშ მოხდება. 1 ფლაკონით შესაძლებელია 6 ადამიანის აცრა, როცა „ასტრაზენეკათი“ 10 ადამიანის აცრაა შესაძლებელი. თუ რიგში არ იქნება 6 ადამიანი, „ფაიზერის“ ფლაკონის გატანა ვერ მოხდება და იგივე შეეხება „ასტრაზენეკას“, ეს ძალიან მკაცრად გაკონტროლდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, მედიკოსებისთვის ანტიშოკური რეაგირების ცოდნა სავალდებულო მოთხოვნაა არა მხოლოდ covid-საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემთხვევაში, არამედ ზოგადად.

თამარ გაბუნია ირწმუნება, რომ სამედიცინო დაწესებულებები მზად არიან სრულად, როგორც მედიკამენტების თვალსაზრისით, ისე შოკური და რეანიმაციული განყოფილებების მზაობის კუთხით.

„იმედი გვაქვს არ დაგვჭირდება მსგავსი რამ, მაგრამ მზაობა არის. ანაფილაქსიური შოკის პროტოკოლი უკვე რამდენიმე თვეა სამინისტროს აქვს და პერსონალმა ეს ტრენინგი უკვე გაიარა. ტექნიკური მზაობა არის მაღალი და მთავარია აქტივობა იყოს მაღალი, რომ ვაქცინები ავითვისოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი განმარტებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ორ დოზას შორის ინტერვალი არის 8-12 კვირა, ხოლო „ფაიზერის“ შემთხვევაში ეს ვადა 21 დღეა.