მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რით ხსნის სახელმწიფო ელექტროსისტემა ჰესებისთვის დაწესებულ ახალ შეზღუდვებს?

5ec7e7c279622
დავით ჯალაღონია
23.05.20 14:00
1200
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ მაისიდან ივლისის ჩათვლით იმ ჰიდროელექტროსადგურებს, რომელთაც ელექტროენერგიის გასაყიდად შემსყიდველებთან, სახელმწიფოს გავლით კონტრაქტები წინასწარ გაფორმებულები არ ჰქონდათ, გენერაცია შეუზღუდა.

ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ელექტროსისტემამ BM.GE-ს რამდენიმე კითხვას წერილობით უპასუხა:

- პირდაპირი ხელშეკრულებების შეზღუდვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება რამდენ და რა სიმძლავრის მქონე გენერაციის ობიექტზე ვრცელდება?

- პირდაპირი ხელშეკრულებების შეზღუდვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სიმძლავრის კუთხით არ არის დიფერენცირებული და ეხება ყველა იმ ჰიდროელექტროსადგურს, რომელსაც მაის-ივლისის პერიოდისთვის ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტი არ ჰქონია.

- დარგის წარმომადგენლების ნაწილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემის გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია და თუ მსგავსი შეზღუდვა გარდაუვალია, მაშინ ის მთელ სექტორზე, გენერაციის ყველა ობიექტზე უნდა გავრცელდეს და არა მხოლოდ მათზე, ვისაც მაისი-ივლისის თვეები დაკონტრაქტებული არ აქვთ...

- ელექტრონერგიის სიჭარბის პერიოდში, პროპორციული, სამართლიანი შეზღუდვა გენერაციის ყველა ობიექტზე ვრცელდება, გარდა იმ ჰიდროელექტროსადგურებისა, რომელთა მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გადის ექსპორტზე. შეზღუდვა ასევე არ გავრცელდება ენგურჰესის და ვარდნილჰესის გამომუშავების პროცესზე, რომლებიც ყველაზე იაფ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან და განაწილების ლიცენზიატებთან ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული.

- იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგურებმა გენერაცია არ შეზღუდეს, რა მოცულობის ჭარბი ენერგი შეიქმნება ქვეყანაში? ეს ჭარბი ენერგია კონკრეტულად რა სახის ტექნიკურ, თუ ფინანსურ პრობლემებს შექმნის ელექტროსისტემისთვის, ან ზოგადად სახელმწიფოსთვის?

- დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა დაამტკიცა გეგმა-მიწოდების გრაფიკების მიხედვით შემუშავებული, ელექტროსადგურებისთვის დაწესებული შეზღუდვები. დაწესებული შეზღუდვებისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ენერგეტიკული რეჟიმებისა და გეგმა-გრაფიკების დარღვევას და შესაბამისად, სირთულეებს ოპერატიულ მართვაში.

- ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მოსალოდნელია თუ არა, რომ ელექტროსადგურები გეგმის მიხედვით ვერ შევიდეს ექსპლოატაციაში?

- დაწესებული შეზღუდვები ხელს არ შეუშლის ახალი ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში შესვლას.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი წერილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ გენერაციის ობიექტებს 27 აპრილს გაუგზავნა. ენერგოსექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, რიგი ობიექტების ექსპლოატაციაში შესვლის თარიღი გადაწიოს. მათი აზრით, ეს სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომაა.