მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რკინიგზაში აუდიტზე არ გიშვებენ? - დეპუტატის კითხვა და გენერალური აუდიტორის პასუხი

60c9e5a095bff
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.21 15:45
3038
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის წარდგენისას, გენერალურ აუდიტორ ირაკლი მექვაბიშვილს სახელმწიფო საწარმოების აუდიტის შესახებ არსებულ პრაქტიკაზე კითხვა "საქართველოს რკინიგზის" მაგალითზე დაუსვა.

„სახელმწიფო საწარმოები ეკონომიკისთვის დიდი თავის ტკივილია. საქართველოს რკინიგზაში ხომ არ ყოფილხართ აუდიტზე შესული ან რამე ხომ არ გაგიკეთებიათ? არ გიშვებდნენ თუ?“ - იკითხა დეპუტატმა, რაზეც ირაკლი მექვაბიშვილმა უპასუხა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზას" და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სამართლებრივი დავა ჰქონდათ.

„რკინიგზა თვლიდა, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ აქვს უფლება, შეამოწმოს ეს ორგანიზაცია და გვქონდა სასამართლო პროცესი“, - თქვა გენერალურმა აუდიტორმა. 

ირაკლი მექვაბიშვილის განმარტებით, "საქართველოს რკინიგზა" სახელმწიფო აუდიტის არშეშვების მიზეზად დიდი ოთხეულის - „დელოიტის“, „ერნსტ ენდ იანგის“, „კეიფიემჯისა“ და „ფრაის ვოთერ-კუპერსის“ მიერ მისი შემოწმება მოჰყავდა არგუმენტად და მსგავსი ვითარება იყო სახელმწიფო ელექტროსისტემის შემთხვევაშიც, თუმცა ეს საკითხი სამართლებრივი გზით მოგვარდა.

„ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფო კომპანიების შემოწმების პროცესი და შევამოწმეთ "სახელმწიფო ელექტროსისტემა", გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მთის კურორტების განვითარების კომპანია, საქართველოს ფოსტა და რესპუბლიკური საავადმყოფო.

"საქართველოს რკინიგზას" რაც შეეხება, როგორც უკვე აღვნიშნე, იურიდიული პრობლემა გვქონდა - რკინიგზის მენეჯმენტის არგუმენტი ის იყო, რომ მათ ფინანსურ აუდიტს "დიდი ოთხეული" ატარებს და ამით ახსნეს, რატომ არ შეგვეძლო მათი შემოწმება. ჩვენ თვლით, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანიზაციის შემოწმების უფლება გვაქვს, სადაც სახელმწიფო 50+1 აქციას ფლობს. ეს იურიდიული პროცესი იყო, რომელმაც შემოწმების პროცედურა შეაფერხა, ახლა გავდივართ და ფორმალიზებას ვაკეთებთ და ამ თემას დავუბრუნდებით. ანალოგიური მდგომარეობა იყო "სახელმწიფო ელექტროსისტემასთან" მიმართებით, სადაც სასამართლო პროცესები მოვიგეთ და ამის მერე მოვიპოვეთ ამ ორგანიზაციის შემოწმების უფლება. იყო ძალიან ბევრი მიგნება და მათ შორის ანგარიში საგამოძიებო უწყებებში გადაიგზავნა“, - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ "საქართველოს რკინიგზის" მიერ ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალის მოცულობებზე ისაუბრა.

„ალბათ ნახავდით, რომ "საქართველოს რკინიგზამ" 2015 წლიდან მოყოლებული 1.264 მლრდ ლარის ზარალი მიიღო ანუ ამ პერიოდამდე რკინიგზა სულ მოგებაზე იყო და ამ წლის შემდეგ რაღაც ისეთი კატასტროფული მოხდა, რომ ეს თანხა წავაგეთ. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენს კუთვნილ რკინიგზაში 1.2 მლრდ-ის ზარალი მივიღეთ. მხოლოდ 2018 წელს ზარალი 715 მლნ ლარის ზარალი მივიღეთ. ეს ჩვენი ფულია და ეს ზიანი ყველამ მივიღეთ. მაინტერესებს სხვა სახელმწიფო საწარმოებში რა ხდება? იგივე პრაქტიკაა და სხვა საწარმოებიც არ გიშვებენ აუდიტზე, თუ მხოლოდ რკინიგზას აქვს ქვეყნის გაღატაკების და თქვენი არ შეშვების ექსკლუზიური უფლება?!", - განაცხადა დეპუტატმა.