31.აგვისტო .2019 15:32

რკინიგზის ახალი პროფკავშირი - 12,500 რკინიგზელს დეკემბრიდან ხელფასი 10%-ით გაეზრდება

views 754
უკან

საქართველოს რკინიგზის ახალი პროფკავშირები აცხადებს, რომ დასაქმებულებსა და ადმინისტრაციას შორის მიმდინარე კოლექტიური შრომითი დავა სამედიაციო შეთანხმების საფუძველზე დასრულდა, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ დასაქმებულთათვის ხელფასების მატება თავდაპირველად დაგეგმილზე რამდენიმე თვით ადრე, 2019 წლის პირველი დეკემბრიდან მოხდება. 

ამასთანავე, მედიაციის შედეგად განისაზღვრა რომ რკინიგზის თანამშრომლებზე წლის ბოლოს პრემიები სოლიდარობის პრინციპზე განაწილდება და თითოეული დასაქმებული 333 ლარს მიიღებს. 

"ურთიერთკომპრომისისა და მხარეებს შორის კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების მიმდინარეობით, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რაც თავის მხრივ გულისხმობს შემდეგს:

2020 წლის 1 მარტიდან დაანონსებული 10%-იანი სახელფასო ზრდა განხორციელდეს და დაიწყოს 2019 წლის 1 დეკემბრიდან - აღნიშნული გადაწყვეტილება, დამატებით 3 მილიონი ლარით, ხოლო ჯამში დაახლოებით 15 მილიონი ლარით ზრდის სახელფასო ბიუჯეტს და მოიცავს 12 500 რკინიგზელს;

შეთანხმების თანახმად მოიხსნას ყოველგვარი დამატებითი კრიტერიუმი (შეფასებები, საყვედური, გაფრთხილება, ბიულეტინი..) და მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში (2019 წლის ნოემბერი), საპრემიო ბიუჯეტი (დაახლოვებით 4 მილიონი ლარი) გადანაწილდება სოლიდარობის პრინციპის დაცვით - 12 500 რკინიგზელზე თანაბრად (333 ლარი);

ადმინისტრაციის მხრიდან 2020 წელს დაანონსებულ საპრემიო ფულად საჩუქარს (საახალწლოდ - 200 ლარი, სააღდგომოდ -200 ლარი), დაემატა კიდევ ერთი - რკინიგზელის დღესთან დაკავშირებული პრემია - 200 ლარის ოდენობით - რაც თავის მხრივ დაახლოებით 2.5 მილიონი ლარით ზრდის საპრემიო ბიუჯეტს;

2021 წლის ივნისის თვეში ხელფასების შემდგომი სეგმენტური ზრდის მიზნით, ადმინისტრაცია და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი გამართავენ დამატებით მოლაპარაკებებს.

შრომის კანონმდებლობის, მათ შორის შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის დაცვისა და საწარმოო ტრამვების (ასევე, უბედური შემთხვევების) გამოკვლევის მიზნით, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი მონაწილეობას მიიღებს საწარმოო ტრამვებისა და უბედური შემთხვევების გამოკვლევის ღონისძიებებში - წევრი რკინიგზელების შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვის უზრუნველსაყოფად.

შეგახსენებთ, აღნიშნული შეთანხმების პირობები გახლავთ ის მაქსიმუმი, რისი შესაძლებლობაც ორივე მხარეს მოლაპარაკებების რთულმა პროცესმა და კომპანიის შესაძლებლობებმა მოგვცა. შედეგად, დათმობებისა და უთიერთკომპრომისის ხარჯზე, თავიდან იქნა არიდებული გაფიცვის უფლების გამოყენება, რაც თავის მხრივ რთულად გადასატანი იქნებოდა როგორც კომპანიისთვის, ისე იქ დასაქმებული 12 500 რკინიგზელისთვის,"- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა