მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რკინიგზის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე კანონპროექტის კენჭისყრა გადაიდო - დეპუტატების შენიშვნები

5e5d2b699abcb
დავით ჯალაღონია
02.03.20 21:00
841
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე "სარკინიგზო კოდექსში" შესატანი ცვლილებების კენჭისყრა გადაიდო. ეს საკითხი კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა, თუმცა კენჭისყრამდე კანონპროექტი ვერ მივიდა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, კენჭისყრის გადადების მიზეზი ის კითხვებია, რაც დეპუტატებს კანონპროექტთან დაკავშირებით აქვთ. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, "საქართველოს რკინიგზის" სატვირთო და სამგზავრო მიმართულებები იურიდიულად უნდა გაიმიჯნოს, სამგზავრო მომსახურების ხარჯები კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება, რაც რეფორმის პირველ წელს მთავრობას 16 მილიონი ლარი დაუჯდება. ამ პროცესის შემდეგ, მთავრობა არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ რკინიგზის სამგზავრო ნაწილი კერძო ოპერატორის მფლობელობაში გადავიდეს.

კაკულიას მიაჩნია, რომ ამ თემაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის საბოლოო პოზიცია უნდა გაირკვეს და შემდეგ, კანონპროექტის კენჭისყრა შესაძლებელი იქნება.

"სწორედ ამიტომ გადავდეთ კენჭისყრა, სწორედ ეს ერთი შეკითხვა გვაქვს დასაზუსტებელი. ზოგადად, ინფრასტრუქტურის პრივატიზებაზე, რა თქმა უნდა, არც არის საუბარი და ოპერატორის პრივატიზებასაც არ ფიქრობს (მთავრობა) ამ ეტაპზე. ჩვენი შენიშვნა ის იყო, რომ გარკვეული მინიშნება კანონპროექტში, რომელიც ორმაგი კითხვის შესაძლებლობას იძლევა, უნდა ამოვიღოთ და ჩამოვყალიბდეთ, ვგეგმავთ, თუ - არა. ზოგადად, მე მომსახურების პრივატიზების წინააღმდეგი არ ვარ", - განაცხადა რომან კაკულიამ.

კომიტეტის თავმჯდომარისგან განსხვავებით, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ რკინიგზაში კერძო ოპერატორის შესვლა დაუშვებელია.

"ეს არაფრის მომტანი იქნება და ამით მხოლოდ იქ დასაქმებულები ისარგებლებენ, გამომდინარე იქიდან, რომ კერძო ოპერატორი ყოველთვის ეცდება, ხარჯები შეამციროს და განსაკუთრებით, დასაქმებულებების ხარჯზე, ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს და ძალიან ბევრ ადამიანს შეუმცირდება ხელფასები.

მეორე ის არის, რომ ეს არაფრის მომტანია, რადგან სამგზავრო ნაწილში სუბსიდირება მოხდება სახელმწიფოს მხრიდან და ისევ ამ მავნე პრაქტიკას გავაგრძელებთ, როდესაც კერძო, მოგებაზე ორიენტირებული კომპანიები სახელმწიფოსგან სუბსიდირებას იღებენ, როგორც ეს ჯანდაცვაშია, განათლებაში და ა.შ. თუ რაიმე პრობლემა აქვს რკინიგზას და ვერ გადის მოგებაზე, მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს", - მიიჩნევს ბექა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, "სარკინიგზო კოდექსში" ცვლილებების ავტორი ეკონომიკის სამინისტროა. კანონპროექტი სამინისტრომ პარლამენტს განსახილველად 2018 წლის ბოლოს გადაუგზავნა.