მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას სახელმწიფო ბიუჯეტი დაიწყებს

6294dd862c84a
შოთა ტყეშელაშვილი
30.05.22 20:55
3715
2024 წლიდან საქართველოს მთავრობა რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას დაიწყებს, შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 24 მაისს გამოსცა.

საქართველოს რკინიგზა მთავრობას ამ გადაწყვეტილების მიღებას წლების განმავლობაში სთხოვდა, რადგანაც მისთვის სამგზავრო გადაყვანები წამგებიანი სეგმენტი იყო, რის სუბსიდირებასაც საკუთარი ბიუჯეტიდან ახდენდა. გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ განაცხადა, რომ ამ საქმიანობის სუბსიდირება კომპანიას 62 მილიონი ლარი უჯდებოდა.

“რამდენიმე ათწლეულია საქართველოს რკინიგზა ამ ფუნქციას ჯვარედინი დაფინანსებით ასუბსიდირებს. ჩვენთან და ევროკავშირში მგზავრთა გადაყვანა წამგებიანი საქმიანობაა. სახელმწიფომ 24 მაისს გამოსცა ახალი დადგენილება. აიღო სახელმწიფომ ვალდებულება, რომ 2024 წლიდან საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანას დააფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი.

დღეისთვის ხარჯია დაახლოებით 62 მილიონი ლარი, ჩვენი კომპანიის სახსრებით ვაფინანსებთ ამას და გამოთავისუფლებულ თანხას დავხარჯავთ ლიანდაგების რეაბილიტაციაზე, საკადრო პოლიტიკაზე და ასე შემდეგ. ეს გადაითარგმნება კომპანიის გაუმჯობესებულ მოგებასა და სერვისებში,”- განაცხადა დავით ფერაძემ.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით, რკინიგზისთვის ყოველწლიურად გადასახდელი თანხა შემდეგი ფორმულით იანგარიშება:

“კომპენსაციის გაცემა უნდა განხორციელდეს ყოველწლიურად და მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წმინდა ფინანსური ეფექტის შესაბამის ოდენობას, რომელიც, თავის მხრივ, არის ეკვივალენტი საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული სარკინიგზო ოპერატორის ხარჯებისა და შემოსავლის საერთო პოზიტიური ან ნეგატიური ეფექტებისა.

წმინდა ფინანსური ეფექტი უტოლდება:
● საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულებასთან ან ვალდებულებათა ერთობლიობასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯს;
● გამოკლებული მიმდინარე ხელშეკრულების შესრულებიდან წარმოქმნილი ნებისმიერი პოზიტიური ფინანსური ეფექტი;
● გამოკლებული ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები ან ნებისმიერი სხვა შემოსავალი, რომელიც მიღებულ იქნა საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულებების შესრულებისას;
● დამატებული გონივრული მოგება.
(წმინდა ფინანსური ეფექტი = სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისთვის გაწეული ხარჯი − პოზიტიური ფინანსური ეფექტი − ბილეთებიდან და სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავალი + გონივრული მოგება),”- ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.