მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რკინიგზისთვის სამგზავრო გადაყვანები წამგებიანია, რომლის სუბსიდირება ისევ განიხილება – სამინისტროს განმარტება

61ecf06baaa52
დავით ჯალაღონია
23.01.22 21:00
1304
"საქართველოს რკინიგზას" სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირება გასულ წელს 42 მილიონ 487 ათასი ლარი დაუჯდა. ამის შესახებ BMG–ს რკინიგზიდან აცნობეს.

როგორც ცნობილია, სამგზავრო ოპერაციები რკინიგზისთვის წამგებიანი მიმართულებაა, ამიტომ მისი დაფინანსება (ე.წ ჯვარედინი სუბსიდირება) დაფინანსება სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლებით ხორციელდება.

გასული წლის ბოლოს, ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, "საქართველოს რკინიგზისთვის" სამგზავრო გადაყვანების ხარჯი ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიონი ლარია.

"საქართველოს რკინიგზა" ყოველწლიურად ტვირთბრუნვიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე ასუბსიდირებს მგზავრების გადაყვანას, რაც კომპანიას ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიონი ლარი უჯდება. ენგურჰესის მსგავსად, კვაზიფისკალური აქტივობის არ არსებობის პირობებში, საქართველოს რკინიგზა 2020 წელს დახურავდა მოგებით", – წერს ფინანსთა სამინისტრო.

რკინიგზაში უკვე რამდენიმე წელია, აღნიშნული ხარჯის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის გადამისამართების მცდელობა აქვთ. ამ მიზნით "სარკინიგზო კოდექსშიც" შევიდა ცვლილებები, თუმცა სამგზავრო მომსახურების დაფინანსებისთვის 2022 წლის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ თავად რკინიგზის გენერალურ დირექტორს დავით ფერაძეს ამ კუთხით გარკვეული მოლოდინები ჰქონდა.

იმის გასარკვევად, თუ როდიდან განიხილავს მთავრობა "საქართველოს რკინიგზის" სამგზავრო მიმართულების სუბსიდირებას, BM.GE ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავსი ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვა "კარგი პრაქტიკაა", თუმცა მიმდინარე წელს ამ მიზნით გადაწყვეტილების მიღება არ იგეგმება.

"2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნული მიზნით თანხა გათვალისწინებული არ არის. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს მუშაობას შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან ერთად და მომდევნო წლებში, საწარმოების რეფორმის პარალელულად, განხორციელდება მსგავსი ხარჯების შემცირება/აღმოფხვრა/ბიუჯეტიდან დაფინანსება.

ზოგადად, მსგავსი ხარჯების ბიუჯეტიდან კომპენსირება კარგი პრაქტიკაა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმის კონცეფციაში ამგვარი ხარჯების კომპენსირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

რეფორმის ფარგლებში ამგვარი ხარჯების კომპენსირება (ან საერთოდ აღმოფხვრა) განხორციელდება არამხოლოდ საქართველოს რკინიგზის შემთხვევაში, არამედ ყველა რეფორმირებული სახელმწიფო საწარმოსთვის", – განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.

ამავე თემაზე: რა პერსპექტივა აქვს "საქართველოს რკინიგზას", სამგზავრო ნაწილი სხვა კომპანიას გადააბაროს?