მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რკინის ნაკეთობებზე მოთხოვნა 50%-ით შეგვიმცირდა“ – რას სთავაზობს მომხმარებელს Sigma Metal-ი?

620106fc80e41
ვიქტორია მღებრიშვილი
07.02.22 23:00
1376
ბათუმში მოქმედი რკინის ნაკეთობათა საწარმო Sigma Metal-ი, პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა. შედეგად ადგილობრივი წარმოება დღეს რთული პერიოდის შემდეგ განახევრებული დატვირთვით მოქმედებს და 8 ადგილობრივს ასაქმებს.

Sigma Metal-ი ბათუმსა და რეგიონებს სხვადასხვა სირთულის და სახის რკინის კონსტრუქციებით დღეს უკვე Starks-ის ბრენდით ამარაგებს. კომპანია 2017 წელს, დამფუძნებლების 40 000 ლარამდე პირადი ფინანსური რესურსით ამოქმედდა და 2020 წლამდე თვიურად 50 000 ლარის ღირებულების ნაკეთობებს აწარმოებდა. BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის მენეჯერი იზოლდა ჩუხრუკიძე ამბობს, რომ პანდემიამ მათ პროდუქტზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში საწარმო მხოლოდ ერთეულ შეკვეთებზე მუშაობდა, თუმცა გადარჩენა შეძლო.

„წარმატებით დაწყებული საქმიანობის შეფერხება პანდემიამ სცადა, თუმცა ჩვენ არ გავჩერდით და პროფესიონალი გუნდის ძალისხმევით განვითარების გზას დავადექით. რამდენიმე თვეა რაც წარმოება თითქმის სრული დატვირთვით აღვადგინეთ. თუმცა პანდემიის პირობებში მოთხოვნის შემცირების გამო მისი წარმადობა განახევრებულია. ამ სახის პროდუქტზე მოთხოვნა 50%-ით შემცირდა“, - განმარტა კომპანიის მენეჯერმა.



საწარმო მსურველებს ნებისმიერი სირთულის რკინის კონსტრუქციებს - სათბურებს, მანქანის სადგომებს, ორანჟერეებს, აივნების და კიბის მოპირკეთებას, ჭიშკრების, კარების, მაგიდების, სკამების, საწოლების, მრავალფუნქციური თაროების დამზადებას სთავაზობს. პროდუქტი მთელი ქვეყნის მასშტაბით იყიდება და Sigma Metal-ის მომსახურებით როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორატიული მომხმარებელი ინტერესდება. იზოლდა ჩუხრუკიძე აღნიშნავს, რომ ინფლაციურმა პროცესებმა მათ წარმოებაზეც იქონია გავლენა და წარმოების ხარჯები გაზარდა.

„დღეისთვის Sigma Metal სრულად ადგილობრივი მწარმოებლების მიერ დამზადებულ ნედლეულს იყენებს. ჩვენი პროდუქციის ფასი ზომასა და კონსტრუქციის სირთულეზეა დამოკიდებული, თუმცა მომხმარებლები თავად აღნიშნავენ, რომ ჩვენ კონკურენტული ფასის გამო მოგვმართავენ. გასულ წელს ინფლაციის გამო წარმოების ხარჯები დაახლოებით 20-30%-ით გაგვეზარდა, რამაც საბოლოო პროდუქტიც გააძვირა, თუმცა საწარმო ყველაფრის მიუხედავად აგრძელებს მუშაობას და ვიმედოვნებთ, რომ მალე პროდუქტზე მოთხოვნის მატებასთან ერთად ფასიც დასტაბილურდება“, - აღნიშნა Sigma Metal-ის მენეჯერმა.