28.სექტემბერი .2020 19:45

როდემდე დარჩება საპენსიო დანაზოგები კომერციულ ბანკებში?

views 482
უკან

ამ დროისთვის საქართველოს საპენსიო ფონდში  მილიარდამდე ლარია აკუმულირებული. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოში აცხადებენ. აღნიშნული თანხა საქართველოს კომერციულ ბანკებში დეპოზიტებსა და ანგარიშებზეა განთავსებული. საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ ბანკებში გადატანილ თანხას წლიურად 11.1%-იანი სარგებელი ერიცხება, რაც ამ დროისთვის 100 მილიონამდე ლარს შეადგენს.

თავის დროზე საპენსიო დანაზოგები ბანკების ანგარიშზე იმის გამო გადაიტანეს, რომ არ არსებობდა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი. მის გარეშე კი შეუძლებელი იყო ფონდში აკუმულირებული თანხების ინვესტირება. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი უკვე არსებობს, ის საპენსიო სააგენტოს გუნდმა დღეს წარადგინა, შესაბამისად, უკვე ცნობილია, სად და რა ფორმით მოხდება საპენსიო დანაზოგების ინვესტირება. მიუხედავად ამისა, საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხები რამდენიმე თვის განმავლობაში ისევ ბანკების ანგარიშებსა და დეპოზიტებზე დარჩება.

მიზეზი ამჯერად ისაა, რომ ამ დრომდე არ გვყავს სპეციალიზირებული დეპოზიტარი. სპეციალიზებული დეპოზიტარის ძირითადი მოვალეობა კი ფასიანი ქაღალდების დეპონირება, საპენსიო აქტივების რეგულარული აღრიცხვა და ანგარიშგებაა.

"დღეს აკუმულირებული თანხა მთლიანად განთავსებულია კომერციულ ბანკებში. როგორც კი ჩვენს ინფრასტრუქტურაში დავიმატებთ სპეციალიზირებულ დეპოზიტარს, შემდეგ დავიწყებთ ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას”, - აცხადებს საპენსიო ფონდის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე.

მისი თქმით, სპეციალიზირებული დეპოზიტარი საპენსიო სააგენტოს 2021 წელს ეყოლება. სწორედ ამ დროიდან დაიწყება საპენსიო დანაზოგების ინვესტირება სხვა მიმართულებებითაც, თუმცა გარკვეული შეზღუდვები აქაც მოქმედებს. მაგალითად, საპენსიო სააგენტოს შექმნიდან(2019 წ) 5 წლის განმავლობაში ანუ 2023 წლამდე ინვესტირება მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელში შეეძლება. ასეთ პორტფელად კი მთავარმა საინვესტიციო დოკუმენტმა შემდეგი მიმართულებები განსაზღვრა - უცხოური აქციები (15%), საქართველოს სახაზინო ობლიგაციები (25%) და დეპოზიტები (60%).

2023 წლიდან კი, საპენსიო ფონდის დანაზოგების ინვესტირება შესაძლებელი იქნება საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებშიც. ამასთან, მოქალაქეებს, ვინც პენსიას აგროვებს, შეეძლებათ თვითონ განსაზღვრონ - სად ინვესტირდეს მათი თანხა - დაბალ, საშუალო თუ მაღალრისკიან პორტფელში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა