მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, ამ დროს დებატები ზედმეტია - დეგნანი სააკაშვილზე

61977299415d4
შოთა ტყეშელაშვილი
19.11.21 13:52
999

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. ის აღნიშნავს, რომ დღეს სააკაშვილის მდგომარეობა არის კრიტიკული და როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა ამ დროს დებატები ზედმეტია და მნიშვნელოვანია გადაიდგას აუცილებელი ნაბიჯები მის გადასარჩენად. 

“ჩვენ ძალიან გვაღელვებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის სიცოცხლე არის საფრთხის ქვეშ, ამ შემთხვევაში რაიმე სახის დებატები ზედმეტია. მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მიიღოს ყველა სათანადო მკურნალობა და სამედიცინო ზრუნვა. ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ მედიკოსთა პანელს, რომელთა შეფასებითაც, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული, მას ესაჭიროება მრავალმხრივი, მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურება, რათა ის, რაც მოხდა აღარ განმეორდეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდეს. შესაბამისად, მან უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა შესაბამის დაწესებულებაში.

მოგეხსენებათ, ამ საკითხის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი და ძალიან დიდი ყურადღება, როგორც ჩვენი საელჩოს, ასევე ვაშინგტონის მხრიდან, ასევე საქართველოს მეგობრების მხრიდან. როგორც აღნიშნეთ, საქართველოში ყოფილი ელჩი, ბატონი იან კელიც ამაზე საუბრობს, რომ მას უნდა მიეცეს მკურნალობის საშუალება და უნდა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაიცა, რადგანაც გაუგებარია რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება", - აცხადებს აშშ-ის ელჩი.

გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს დაჟინებით მოუწოდებს, რომ დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლებაც და გათვალისწინებული იყოს მასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციები.